11:03 / 22-დეკემბერი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიანი სია დაადგინა

თარიღი 23 იანვარი 2020 21:02:51

საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“  მე-2 მუხლის შესაბამისად  2020 წლის 22 იანვრის სხდომაზე  საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა  ერთიანი სია დაადგინა. 
საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ ორ პირს  სათანადო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო დაუდგინა ხარვეზი და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა.  ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საბჭო გადაწყვეტს მათი სიაში დატოვების ან/და შერჩევის პროცესიდან მოხსნის საკითხს. 
საქართველოს  გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ  ყველა პირთან საპროკურორო საბჭო ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას. მოხდება გასაუბრების პროცესის აუდიოჩაწერა და მისი განთავსება საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე.  გარდა ამისა, გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების პროცესი  ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა. 
 გასაუბრების დასრულების შემდგომ,  საპროკურორო საბჭო,  ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებს   ფარული წესით უყრის კენჭს და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის,  გამოცდილების, ზნეობისა და მორალური  ღირებულებების  გათვალისწინებით,  შეარჩევს  გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.
საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს  გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას  2020 წლის 27 იანვრიდან დაიწყებს.

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიანი სია

საპროკურორო საბჭოს განკარგულება N1 საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ


სხვა სიახლეები

ანონსი