15:44 / 15-იანვარი-2025 / თბილისი, საქართველო
დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას. საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი. საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
საპროკურორო საბჭომ, საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ ფარული კენჭისყრით პროკურორი ლონდა ბიჭიკაშვილი აირჩია.
ლონდა ბიჭიკაშვილს საბჭოს სხდომის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და მან საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2 წლის ვადით დაიკავა.
საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ამ დრომდე შოთა ტყეშელაშვილი იკავებდა.
ლონდა ბიჭიკაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა ნდობის გამოცხადებისთვის და საპროკურორო საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩემთვის საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეობა არის პატივი, თუმცა უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და განვიცდი. ეს არის პასუხისმგებლობა როგორც თითოეული თქვენგანის წინაშე, ასევე ჩემი კოლეგების, პროკურორების და გამომძიებლების წინაშე. მაქვს იმის იმედი, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევეცდებით და მივაღწევთ იმას, რომ შევიმუშაოთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებული რეკომენდაცია, წამოვჭრათ ბევრი ინიციატივა და ღირსეულად შევასრულოთ კონსტიტუციით გათვალისწინებული საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებები “ - აღნიშნა ლონდა ბიჭიკაშვილმა.