20:18 / 14-ივლისი-2026 / თბილისი, საქართველო
დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას. საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი. საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
საპროკურორო საბჭოს წევრებმა 10 ხმით გენერალური პროკურორობის კანდიდატად, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე აირჩიეს.
საპროკურორო საბჭო, გენერალური პროკურორობის კანდიდატს გიორგი, გვარაკიძეს შესაბამისი დასაბუთებით, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.
გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა, საპროკურორო საბჭოს გუშინდელ სხდომაზე საპროკურორო საბჭოს პროკურორმა წევრმა შოთა ტყეშელაშვილმა დაასახელა.
საპროკურორო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმინეს და საბჭოს წევრებმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.
გიორგი გვარაკიძემ საბჭოს წევრებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელების, გამოძიების და საპროკურორო ზედამხედველობის გაუმჯობესების, ასევე პროკურორების და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო და კითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც კენჭისყრის პროცედურა გაიმართა.
გიორგი გვარაკიძემ, საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორ პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე; თბილისის პროკურორი და სხვა.
ასევე, გიორგი გვარაკიძე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკავებდა სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს.
გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესი 13 ივნისს დაიწყო.