20:18 / 14-ივლისი-2026 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, შესაბამისი პროცედურების დაწყების მიზნით, საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა

თარიღი 13 ივნისი 2025 18:07:26




საპროკურორო საბჭომ, გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო, გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესი დაიწყო, რაც  კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად 1 კვირის ვადაში  უნდა დასრულდეს.
 
საპროკურორო საბჭოს წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის მიერ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებაზე , რომლის თანახმადაც, საპროკურორო საბჭოს წევრებმა, კანონით დადგენილ ვადაში, საქართველოს პარლამენტისთვის გენერალური პროკურორობის კანდიდატი უნდა წარმოადგინონ.
 
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების  მიხედვით,  საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი. გენერალური პროკურორობის კანდიდატი საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
 
საპროკურორო საბჭო, მის მიერ მხარდაჭერილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს, შესაბამისი დასაბუთებით, წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
საპროკურორო საბჭოს მორიგი სხდომა 17 ივნისს გაიმართება, რა დროსაც საბჭოს წევრები გენერალური პროკურორობის კანდიდატებს წარმოადგენენ.     
 

სხვა სიახლეები

ანონსი