16:59 / 09-დეკემბერი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი შეარჩია

თარიღი 11 ივლისი 2024 12:22:56

დღეს, 2024 წლის 11 ივლისს, საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის სამ კანდიდატს - ვიქტორ ახალბედაშვილს, დარეჯან ბუცხრიკიძეს და გიორგი გაბიტაშვილს უყარა კენჭი.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საპროკურორო საბჭოს თერთმეტმა წევრმა. მათ ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე მისცეს ხმა.
ხმების დათვლის შედეგად გამარჯვებულ კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი დასახელდა. მან 11 დადებითი ხმა მიიღო.
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით პარლამენტს წარუდგენს.
საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცედურის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ გვერდზე ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემოდა.

სხვა სიახლეები

ანონსი