21:18 / 25-აპრილი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციები გრძელდება

თარიღი 13 იანვარი 2020 10:49:24

გენერალური  პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, აკადემიურ წრეებთან, სამართლის დარგის სპეციალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთთვიანი კონსულტაციები გრძელდება. კონსულტაციები  2019 წლის 17 დეკემბერს დაიწყო და ვადა 2020 წლის 17 იანვარს დასრულდება.  
წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
1. მომართვა საპროკურორო საბჭოს;
2. გენერალური პროკურორობის კანდიდატობის მსურველის წერილობითი თანხმობა თანდართული ნიმუშის სახით;
3. გენერალური პროკურორობის კანდიდატობის მსურველის სამოტივაციო წერილი;
4. Curuculum Vitae (CV);
5. არანაკლებ 2 რეკომენდატორი - მათი საკონტაქტო ინფორმაცია (განაცხადის პირადად წარმოდგენის შემთხვევაში);
6. ფოტო ბეჭდური ან ელექტრონული სახით;
7. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
8. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
9. დიპლომის დანართის (ნიშნების ფურცლის) ასლი;
10. სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი ან/და ცნობა (ასეთი ხარისხის არსებობის შემთხვევაში);
11. ცნობა შრომითი საქმიანობის შესახებ, ნამსახურობის ნუსხა ან შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც დაადასტურებს: სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებას ან იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებას;
12. ცნობა ნასამართლობის შესახებ;
13. ცნობა მსჯავრდების შესახებ, სადაც იქნება ინფორმაცია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, ასევე გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობის შესახებ - ასეთის არსებობის შემთხვევაში;
14. ცნობა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
15. ცნობა მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ; 
16. ინფორმაცია სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
17. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV-100/ა ;
18. ცნობა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტის დადგენის შესახებ;
19. ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვის შესახებ;
20. ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დამატებით ადასტურებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატის მაღალ ავტორიტეტს, ზნეობის და პროფესიული თვისებების გამო.

წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა

განცხადების ფორმა

სხვა სიახლეები

ანონსი