07:12 / 22-დეკემბერი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

​საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს

თარიღი 06 დეკემბერი 2022 11:04:13

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. 

ანგარიში პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის შედეგების სტატისტიკურ და ანალიტიკურ მიმოხილვას, განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას და სამომავლო გეგმებს.

საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა დღეს, 6 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართება, რომელიც საპროკურორო საბჭოს და საქართველოს პროკურატურის ოფიციალური Facebook-გვერდების მეშვეობით, ლაივსტრიმით უწყვეტ რეჟიმში გადაიცემა.

სხვა სიახლეები

ანონსი