13:41 / 03-აპრილი-2020 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია

თარიღი 06 თებერვალი 2020 17:57:26

2020 წლის 6  თებერვალს, საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“  მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად  კენჭისყრა ჩაატარა.  

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა კენჭისყრის შედეგები შემდეგია : 



 
  • ახალბედაშვილი ვიქტორ - 3 ხმა
  • გაბელია პაატა - 0 ხმა
  • გამისონია რაულ- 2 ხმა
  • გამყრელიძე მერაბ -1 ხმა
  • ვაჭარაძე ვალერიან - 8 ხმა
  • ზირაქაშვილი დავით - 0 ხმა
  • თორდია დარიკო -7 ხმა
  • კვანტალიანი ვალერი - 1 ხმა
  • კობაიძე ალექსანდრე - 0 ხმა
  • კობახიძე კობა - 1 ხმა
  • კოდანაშვილი დავით -1 ხმა
  • შენგელია სოფიო  - 9 ხმა
  • შოთაძე ირაკლი - 10 ხმა
  • ჩივაძე გელა- 0 ხმა 
  • ჩინჩალაძე რამაზ -2 ხმა
აღნიშნული მონაცემებით, “პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატი  - ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, სოფიო შენგელია და ირაკლი შოთაძე შეირჩა.  
გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 2020 წლის 7 თებერვალს, 14:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.
გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის პროცესი  საპროკურორო საბჭოს  ფეისბუქ გვერდზე   ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა. 

 

სხვა სიახლეები

ანონსი