11:52 / 22-დეკემბერი-2024 / თბილისი, საქართველო
დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას. საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი. საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2020 წლის 30 იანვარს საპროკურორო საბჭო, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ორ პირს - დარიკო თორდიას და ვალერი კვანტალიანს გაესაუბრა. მათ საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს საქართველოს პროკურატურის განვითარების ხედვა, სტრატეგია და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს.
გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების პროცესი საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე pc.gov.ge და საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ გვერდზე ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემოდა.
საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2020 წლის 31 იანვარს, 11:00 საათზე განაგრძობს.