07:44 / 13-აგვისტო-2020 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

​საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და შერჩევის წესი დაადგინა

თარიღი 22 იანვარი 2020 20:27:16

დღეს გამართულ სხდომაზე საპროკურორო საბჭომ  განკარგულებით საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესი დაადგინა და კანდიდატებად წარმოდგენილი პირების დოკუმენტაცია შეისწავლა. 
საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ  ყველა პირთან ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას. გასაუბრების პროცესი  ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა. 
გასაუბრების დასრულების შემდგომ,  საპროკურორო საბჭო,  შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა  პირს ფარული წესით უყრის კენჭს და  პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის,  გამოცდილების, ზნეობისა და მორალური  ღირებულებების  გათვალისწინებით,  შეარჩევს  გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე შეისწავლა კანდიდატებად წარმოდგენილი პირების დოკუმენტები. შესწავლის შედეგად დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის გამო, ორ პირს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, ხოლო ერთმა  პირმა პირადი განცხადებით მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. 
საპროკურორო საბჭო კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2020 წლის 27 იანვრიდან დაიწყებს.

სხვა სიახლეები

ანონსი