13:57 / 21-თებერვალი-2020 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

​საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ხუთი კანდიდატი წარედგინა

თარიღი 14 იანვარი 2020 20:40:00

დღეის მდგომარეობით საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე  5 კანდიდატია წარდგენილი.

პირველი კანდიდატი −  ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი  გრიგოლ გაგნიძე  წარადგინეს  ორგანიზაციებმა: ა(ა)იპ ,,ანტიკორუფციული უსაფრთხოების და ხარისხის აუდიტის სამსახური”,  ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“,  ა(ა)იპ  ,,სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ და ა(ა)იპ ,,,მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“.  

მეორე კანდიდატი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი  რაულ გამისონია, წარადგინა შპს ,,ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიურმა და სამეცნიერო პერსონალმა.

მესამე კანდიდატი − შპს ,კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი  სოფიო შენგელია  წარადგინა  შპს ,,კავკასიის უნივერსიტეტმა“.   

მეოთხე კანდიდატი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის“ ადვოკატი პაატა გაბელია წარადგინა ა(ა)იპ  „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“. 

მეხუთე კანდიდატი -  შპს ,,ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი ფიქრია ზირაქაშვილი წარადგინა ა(ა)იპ  „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“.  

საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე  http://pc.gov.ge აიტვირთება.
 
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად,     გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.

გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭო იწყებს ერთთვიან კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.

კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენლებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატს მესამედ შეარჩევს. ამ ფორმატით პირველი არჩევნები 2015 წელს გაიმართა.

 

სხვა სიახლეები

ანონსი