00:26 / 25-აპრილი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

​საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად ერთთვიან კონსულტაციებს იწყებს

თარიღი 16 დეკემბერი 2019 20:43:56

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4   პუნქტის თანახმად, საპროკურორო საბჭო გენერალური  პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, აკადემიურ წრეებთან, სამართლის დარგის სპეციალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან  2019 წლის 17 დეკემბრიდან იწყებს ერთთვიან კონსულტაციებს.  
კონსულტაციების  მიზანია გენერალური პროკურორის არჩევნების მაქსიმალური ღიაობა და გამჭვირვალობა. ასევე, ამ პროცესის შედეგად, ისეთი პროფესიონალი კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც აკადემიური საზოგადოების, პროფესიული წრეებისა და  არასამთავრობო სექტორის ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობენ. აღნიშნული პროცესი არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ საპროკურორო საბჭომ  ღირსეული და საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე კანდიდატებს შორის  გააკეთოს საბოლოო არჩევანი.
  „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეული იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.
 კონსულტაციებში მონაწილეობისათვის საპროკურორო საბჭო მიმართავს აკადემიური წრეების წარმომადგენელებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს და  არასამთავრობო ორგანიზაციებს.     
კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. 
გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, იწყებს ხელახალ კონსულტაციებს.
საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს. თუ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო  პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს. 

იხ. განკარგულება დანართით და ფორმით

იხ. კანდიდატის თანხმობა


სხვა სიახლეები

ანონსი