12:29 / 22-დეკემბერი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის ანგარიში მოისმინა

თარიღი 19 ივლისი 2017 17:59:00

იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე − იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდნენ საპროკურორო საბჭოს წევრები; საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2016 წლის ბოლოსა და 2017 წლის I ნახევარში უწყების მუშაობის შედეგები  გააცნო.
 
როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, ამ პერიოდში დამტკიცდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები; შემუშავდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები; გადაიდგა ნაბიჯები სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის სრულყოფისათვის,  დაინერგა ახალი სასწავლო პროგრამები; ჩატარდა არაერთი მასშტაბური პრევენციული ღონისძიება და დაიგეგმა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა; პროგრესი იქნა მიღწეული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.
 
ირაკლი შოთაძემ ისაუბრა პროკურატურის, როგორც საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს, შედეგების შესახებაც და საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და დაზარალებულთა აღდგენილ უფლებებზე, ასევე, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობასა და  სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე; იმ საქმიანობაზე, რასაც უწყება დანაშაულის პრევენციის მიზნით ახორციელებს.
 
მთავარმა პროკურორმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო   ოჯახური, აგრეთვე, დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს; ისაუბრა ტრეფიკინგისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგებზე.
 
ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა  პროკურორთა შეფასების სისტემის და ეთიკის კოდექსის შესახებ, რომელიც იუსტიციის მინისტრმა მიმდინარე წლის 25 მაისს დაამტკიცა; ისაუბრა საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობასა და  სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე, მოხსენების შემდეგ კი საპროკურორო საბჭოს წევრთა კითხვებს უპასუხა.
 
მთავარი პროკურორის ანგარიშს საპროკურორო საბჭო 6 თვეში ერთხელ ისმენს.
 
საპროკურორო საბჭო 2015 წლის შემოდგომაზე პროკურატურის რეფორმის ფარგლებში შეიქმნა. რეფორმის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. პროკურატურის რეფორმის მიზანი უწყების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
 
საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
 
მოქმედი საპროკურორო საბჭო 14 წევრისაგან შედგება და მას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.
 
 
 
 
 

სხვა სიახლეები

ანონსი