21:08 / 14-ივლისი-2026 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გამწესების კრიტერიუმები და წესი

 

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე არჩევის პროცესში ჩართულია საპროკურორო საბჭო და საქართველოს პარლამენტი.

გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.

გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.

გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად საპროკურორო საბჭო იწყებს კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესს, რომელიც სრულდება 1 კვირის ვადაში. გენერალური პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს. საპროკურორო საბჭოს წევრს უფლება აქვს, დაასახელოს გენერალური პროკურორობის მხოლოდ 1 კანდიდატი.

გენერალური პროკურორობის კანდიდატს კენჭი საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ეყრება. კენჭისყრა ღიაა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

თუ გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა იწყება. თუ წარდგენის პროცესში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, კენჭი ხელახლა ეყრება. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა იწყება. თუ წარდგენის პროცესში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესს 1 კვირის ვადაში ხელახლა იწყებს. თუ 2-მა ან 2-ზე მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი, საჭირო რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

საპროკურორო საბჭო, მის მიერ მხარდაჭერილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს, შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილმა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმების საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესს ხელახლა იწყებს.