06:08 / 17-დეკემბერი-2017 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

დისციპლინური სამართალწარმოება

საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთი ფუნქცია მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებაა.

მთავარი პროკურორი შეიძლება ვადამდე გათავისუფლდეს თანამდებობიდან იმ შემთხვევაშიც, თუ მან ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რომლისთვისაც კანონით პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებაა გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება საპროკურორო საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიიღება მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის არსებობის საფუძველზე თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლების წესით, იმ გამონაკლისით, რომ დისციპლინური სამართალდარღვევის შემთხვევაში საგანგებო (ad hoc) პროკურორი არ ინიშნება. ამავე დროს, იმ მიზნით, რომ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს, ამ პროცესის მიმდინარეობისას საპროკურორო საბჭოს წევრები საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევენ მომხსენებელს.

თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება, რომ მთავარმა პროკურორმა დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა, საპროკურორო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მთავარი პროკურორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. მთავარი პროკურორის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საყვედური და თანამდებობიდან გათავისუფლება.

თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება, რომ მთავარი პროკურორის მოადგილემ დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა, საპროკურორო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მთავარი პროკურორის მოადგილისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

საპროკურორო საბჭოს მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მთავარი პროკურორი/მთავარი პროკურორის მოადგილე უფლებამოსილია, საპროკურორო საბჭოს წინაშე წარდგეს ახსნა-განმარტებით და წარადგინოს თავისი პოზიციის დამადასტურებელი ინფორმაცია.

საპროკურორო საბჭო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.