18:53 / 17-ოქტომბერი-2017 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

საგანგებო პროკურორი

მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პროკურორის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული იმ ორგანომ ან პირმა გამოიძიოს, რომელიც არ ექვემდებარება მთავარ პროკურორს და თავისუფალია მისი ზეგავლენისგან.

საგანგებო (ad hoc) პროკურორი პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმით გათვალისწინებული კიდევ ერთი სიახლეა. მისი ძირითადი ფუნქციაა დასკვნის მომზადება იმის თაობაზე, არსებობს თუ არა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და ამ დასკვნის საპროკურორო საბჭოსათვის წარდგენა.

საგანგებო პროკურორად შეირჩევა ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ყოფილი მოსამართლე ან ყოფილი პროკურორი, რომელსაც აქვს, შესაბამისად, მოსამართლედ ან პროკურორად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი აკადემიური წრეებიდან, ან/და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან და აქვს იურიდიული პროფესიის მიხედვით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. კანდიდატი, მისი ზნეობრივი და პროფესიული თვისებების გამო, უნდა სარგებლობდეს მაღალი ავტორიტეტით.

საგანგებო (ad hoc) პროკურორი ანგარიშვალდებულია მხოლოდ საპროკურორო საბჭოს წინაშე და ის თანამდებობაზე ინიშნება და უფლებამოსილება უწყდება საპროკურორო საბჭოს მიერ.

თავისი მოვალეობების შესრულებისას საგანგებო (ad hoc) პროკურორი სარგებლობს ყველა უფლებამოსილებით და მასვე ეკისრება ყველა მოვალეობა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, გამოძიების ეტაპზე პროკურორს აქვს.