16:44 / 09-დეკემბერი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

პროკუროორთა კონფერენცია

 

პროკურორთა კონფერენციის არსებობა მნიშვნელოვნად ამაღლებს  პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხს, რამდენადაც პროკურორებს თავად  აქვთ შესაძლებლობა, ერთად დამოუკიდებლად გადაწყვიტონ პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი  საკითხები.

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია  არის  პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება,  რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა. კონფერენციის თავმჯდომარე არის  გენერალური პროკურორი. კონფერენცია  გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ნახევარზე მეტი.  გადაწყვეტილებას მიიღება  ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.  საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევისთვის კონფერენციის დაწყებამდე თავმჯდომარესთან რეგისტრირდებიან არანაკლებ 30 წევრისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფები.  პროკურორს და პროკურატურის გამომძიებელს უფლება აქვს, იყოს მხოლოდ ერთი საინიციატივო ჯგუფის წევრი. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს საბჭოს წევრობის არაუმეტეს 2 კანდიდატი.  საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

პროკურორთა კონფერენციის უფლებამოსილება  რეგულირდება  ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით  და  რეგლამენტით,  რომელსაც ამტკიცებს კონფერენცია.