00:27 / 15-ოქტომბერი-2024 / თბილისი, საქართველო
დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას. საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი. საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
|
საპროკურორო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ |
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-20 და 24-ე პუნქტების შესაბამისად, |
1. დამტკიცდეს საპროკურორო საბჭოს თანდართული დებულება.
2. ეს განკარგულება ძალაშია მიღებისთანავე.
საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე ნანა ხუნჯუა
საპროკურორო საბჭოს დებულება |
მუხლი 1 1. საპროკურორო საბჭო საქართველოს კონსტიტუციით და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით შექმნილი დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოა, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მისი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა. 2. თავის საქმიანობაში საპროკურორო საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. 3. საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. საპროკურორო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ დებულებით. მუხლი 2 1. კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საპროკურორო საბჭო იკრიბება ექვს თვეში ერთხელ, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე ასევე ვალდებულია მოიწვიოს საბჭოს სხდომა, საბჭოს წევრთა 1/3-ის მოითხოვნით. ასეთ შემთხვევაში, საბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს მოთხოვნის მიღებიდან 3 დღის ვადაში. 2. საპროკურორო საბჭოს წევრებს საბჭოს სხდომამდე არანაკლებ 3 დღით ადრე წერილობით ეგზავნებათ შეტყობინება საბჭოს სხდომის თარიღისა და ადგილის შესახებ. შეტყობინება უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით ან/და სხვა ტექნიკური საშუალებებით. წერილობით შეტყობინებას თან უნდა დაერთოს საპროკურორო საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტი. 3. საპროკურორო საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით საბჭოს სხდომის მოწვევის შემთხვევაში საბჭოს წევრებს სხდომამდე არაუგვიანეს 1 დღით ადრე ეგზავნებათ საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის დასტური სხდომის მოწვევაზე, რომელიც ასევე უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 4. საპროკურორო საბჭოს სხდომები იმართება საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობაში ან საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილას. მუხლი 3 1. საპროკურორო საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ორი წლის ვადით, საბჭოს წევრთაგან, ფარული კენჭისყრით, ირჩევს საპროკურორო საბჭო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. კანდიდატების მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში კენჭისყრა გრძელდება უფრო მეტი ხმის მქონე კანდიდატის გამოვლენამდე. 2. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საპროკურორო საბჭოს სხვა წევრი. 3. საპროკურორო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს სხდომის დაწყებამდე ამტკიცებენ სხდომაზე დამსწრე საპროკურორო საბჭოს წევრები. 4. საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომ – გენერალური პროკურორი) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს საპროკურორო საბჭოს სხდომას. 5. საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. თუ საპროკურორო საბჭოს სხდომას არ ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი, სხდომიდან ერთი კვირის ვადაში საბჭოს თავმჯდომარე ხელახლა მოიწვევს საპროკურორო საბჭოს სხდომას, რის შესახებაც საბჭოს წევრებს შეტყობინება ეგზავნებათ საბჭოს სხდომამდე არაუგვიანეს 1 დღით ადრე. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 6. საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში გენერალური პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; ბ) გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; გ) საპროკურორო საბჭოს იმ წევრის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, სახდელის ვადამდე მოხსნის საკითხის გადაწყვეტა, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აირჩია საქართველოს პროკურორთა კონფერენციამ; დ) 6 თვეში ერთხელ, ხოლო საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით – დაუყოვნებლივ, პროკურატურის საქმიანობის შესახებ გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ანგარიშის მოსმენა, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს; ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორისათვის წარდგენა; ვ) სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების განსაზღვრის, პროკურატურის საქმიანობის ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის ხელის შემწყობი რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორისათვის წარდგენა; ზ) საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. 7. საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა უმრავლესობა, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 8. საპროკურორო საბჭო, სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა უმრავლესობით, გადაწყვეტილებას იღებს შემდეგ საკითხებზე: ა) საპროკურორო საბჭოს დებულების დამტკიცება; ბ) საპროკურორო საბჭოს იმ წევრის მიმართ დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის საკითხის გადაწყვეტა, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აირჩია საქართველოს პროკურორთა კონფერენციამ; გ) 6 თვეში ერთხელ, ხოლო საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით – დაუყოვნებლივ, პროკურატურის საქმიანობის შესახებ გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ანგარიშის მოსმენა, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორისათვის წარდგენა; ე) სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების განსაზღვრის, პროკურატურის საქმიანობის ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის ხელის შემწყობი რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორისათვის წარდგენა; ვ) საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. 9. საპროკურორო საბჭო წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით გადაწყვეტილებას იღებს შემდეგ საკითხებზე: ა) კომპეტენციის ფარგლებში გენერალური პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; ბ) გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება; გ) საპროკურორო საბჭოს იმ წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტა, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აირჩია საქართველოს პროკურორთა კონფერენციამ. 10. საპროკურორო საბჭოს მიერ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საპროკურორო საბჭო, გენერალური პროკურორობის კანდიტატის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ამოწმებს მის შესაბამისობას „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან. 11. საპროკურორო საბჭოს სხდომა დახურულია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უფლებამოსილი არიან განახორციელონ საპროკურორო საბჭოს სხდომის საწყისი ეტაპის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია, რის შემდეგაც, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის მითითებით, ვალდებული არიან დატოვონ საბჭოს სხდომა. 12. საპროკურორო საბჭოს სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს საჯაროდ. 13. საპროკურორო საბჭოს სხდომის შესაბამის ნაწილზე დასასწრებად, საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ გარეშე პირებიც, როცა მათი მონაწილეობა აუცილებელია საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის. 14. თუ საპროკურორო საბჭოს ერთ სხდომაზე სრულად ვერ განიხილება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, საბჭოს სხდომა მომდევნო დღეს უნდა გაგრძელდეს, რის შესახებაც საბჭოს წევრებს საბჭოს თავმჯდომარემ იმავე დღეს უნდა შეატყობინოს და მიაწოდოს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 15. საპროკურორო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე წევრები. თუ სხდომაზე დამსწრე საპროკურორო საბჭოს რომელიმე წევრი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო აღნიშვნა, ხელმოწერაზე უარის მიზეზის მითითებით. 16. საპროკურორო საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე მიმდინარეობს აუდიოჩაწერა. 17. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება მოხდეს საბჭოს სხდომის ვიდეოჩაწერა. მუხლი 4 1. საპროკურორო საბჭო მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს განკარგულებას. 2. საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია. 3. საპროკურორო საბჭოს მიერ მიღებული განკარგულებები, აგრეთვე საბჭოს სხდომის ოქმები, საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. საპროკურორო საბჭოს სხდომის ვიდეო და აუდიოჩანაწერები ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისათვის და ისინი კანონით დადგენილი წესით საქართველოს პროკურატურაში ინახება. 4. საპროკურორო საბჭოს სამდივნოს ფუნქციას და მისი საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი). 5. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით, სამდივნო, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესით განიხილავს საპროკურორო საბჭოს სახელზე შემოსულ კორესპონდენციას, აგრეთვე საპროკურორო საბჭოს წევრის მიერ თავმჯდომარის სახელზე წარმოდგენილ მოქალაქეთა კორესპონდენციას, რომლებზე რეაგირებაც სცილდება საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებას. |
2019 წლის 16 იანვარი