01:42 / 15-ოქტომბერი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

საქართველოს კანონი
პროკურატურის შესახებ

 
თავი I. ზოგადი დებულებანი
    მუხლი 1. საქართველოს პროკურატურა
1. საქართველოს პროკურატურა (შემდგომში – პროკურატურა) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.
2. აკრძალულია საგანგებო ან სპეციალური პროკურატურის შექმნა. ამ კანონის 92 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინიშნება საგანგებო (ad hoc) პროკურორი.
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრს (შემდგომ − იუსტიციის მინისტრი) საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომ − მთავარი პროკურორი) წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო უფლებამოსილებათა ფარგლებში შეუძლია დროებით შექმნას სპეციალიზებული პროკურატურა და კანონით დადგენილი წესით განსაზღვროს მისი საქმიანობის მიმართულებები და ფუნქციონირების ვადა.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროკურორი – მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, ქ. თბილისის პროკურორი, საოლქო პროკურორი, რაიონული პროკურორი, სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორი, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორი, უფროსი პროკურორი, პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი, პროკურორ-სტაჟიორი, აგრეთვე პროკურატურის დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილებისა და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში პროკურატურის მუშაკი, რომელიც უშუალოდ არ ასრულებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება;
1) საგანგებო (ad hoc) პროკურორი – ამ კანონის 8 3 მუხლით განსაზღვრული პირი, რომელიც ამავე კანონის 9 2 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს;
ბ) პროკურატურის გამომძიებელი – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი;
გ) პროკურატურის მუშაკი – პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი, პროკურატურის მრჩეველი, პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურის დამხმარე მოსამსახურე, პროკურატურის შტატგარეშე მოსამსახურე;
დ) პროკურატურის სტაჟიორი – საქართველოს მთავარ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტრუქტურული დანაყოფის პროკურორის, უფროსი გამომძიებლის, გამომძიებლის თანამდებობაზე ან ამ თანამდებობის გარეშე მთავარი პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სტაჟიორად დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
ე) პროკურატურის მრჩეველი – პირი, რომელიც ინიშნება პროკურატურის იმ დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილების ან მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რომლის ფუნქცია არ არის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება, და რომელიც არ განეკუთვნება პროკურატურის დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის კატეგორიას;
ვ) პროკურატურის დამხმარე მოსამსახურე – ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პროკურატურის სისტემაში შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე;
ზ) პროკურატურის შტატგარეშე მოსამსახურე – პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით, გარკვეული ვადით მიიღება პროკურატურის სისტემაში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.

    მუხლი 3. პროკურატურის ამოცანები
1. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით:
ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გამოძიების სტადიაზე;
გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას;
დ) ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას;
ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ასრულებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების ადგილებსა და პენიტენციურ და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს აღასრულებენ;
ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს, როგორც მხარე, და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას;
თ) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას.
2. აკრძალულია პროკურატურისათვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

    მუხლი 4. პროკურატურის საქმიანობის პრინციპები
პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა;
გ) პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;
დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
ე) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა მუშაკის მთავარი პროკურორისადმი დაქვემდებარება;
ვ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

    მუხლი 5. პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 6. პროკურატურის საერთაშორისო ვალდებულებები
პროკურატურა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან გამომდინარე საკითხების გადაწყვეტაში.
 
თავი II. პროკურატურის სისტემა და ორგანიზაცია
 
    მუხლი 7. პროკურატურის სისტემა
1. პროკურატურის სისტემას ქმნიან: საქართველოს მთავარი პროკურატურა (შემდგომში – მთავარი პროკურატურა), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, ქ. თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები, რაიონული პროკურატურები, აგრეთვე სპეციალიზებული პროკურატურები ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება სპეციალიზებული პროკურატურის უფლებამოსილების ვადით.
2. პროკურატურის ორგანოების სტრუქტურას, საშტატო ერთეულებსა და მათ რაოდენობას მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

   მუხლი 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენცია
1. ამ კანონის მიზნებისათვის იუსტიციის მინისტრი:
ა) მთავარი პროკურორის წარდგინებით ქმნის და აუქმებს პროკურატურის ორგანოებს, განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიას და ადგენს სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციას;
1) თავმჯდომარეობს საპროკურორო საბჭოს;
2) საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორის კანდიდატურებს;
3) საქართველოს მთავრობას თანხმობის მისაღებად საპროკურორო საბჭოს სახელით წარუდგენს საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას;
4) ამ კანონის 81 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელს აწერს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ მიმართვას;
ბ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;
გ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს;
დ) მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს და პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესს;
1) უფლებამოსილია მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე დანიშნოს პროკურატურის მუშაკთა დამატებითი საკვალიფიკაციო გამოცდა;
ე) მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს;
ვ) მთავარი პროკურორის წარდგინებით, გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ზ) მთავარი პროკურორის წარდგინებით შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ;
თ) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ტრიბუნალებსა და არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის ფარგლებში პროკურატურის ორგანოსგან გამოითხოვს შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალებს;
ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრებსა და განცხადებებს;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. იუსტიციის მინისტრი არ ერევა პროკურატურის მიერ ცალკეული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან ან/და სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით განხორციელებულ მოქმედებებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებში.
3. იუსტიციის მინისტრის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – იუსტიციის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
4. იუსტიციის მინისტრის ბრძანება ან სხვა აქტი საქართველოს კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის მოტივით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.  

    მუხლი 81. საპროკურორო საბჭო
1. პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და მისი ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო – საპროკურორო საბჭო.
2. საპროკურორო საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საპროკურორო საბჭოს წევრები არიან:
ა) იუსტიციის მინისტრი – საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) საპროკურორო საბჭოს 8 წევრი, რომლებსაც ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია ამ კანონის 82 მუხლით დადგენილი წესით და რომელთა ერთი მეოთხედი მაინც განსხვავებული სქესის არის;
გ) საქართველოს პარლამენტის 2 წევრი, რომელთაგან ერთს თავის წევრთაგან ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო მეორეს იმ პარლამენტის წევრთაგან, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში არ შედიან, ირჩევენ საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით;
დ) საპროკურორო საბჭოს 2 წევრი, რომლებსაც საქართველოს საერთო სასამართლოების იმ მოსამართლეთაგან, რომლებსაც საერთო სასამართლოების მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება აქვთ, ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით;
ე) საპროკურორო საბჭოს 2 წევრი, რომლებსაც ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევისათვის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული პირობებითა და დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპროკურორო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. თუ ამ ვადის გასვლამდე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულმა საპროკურორო საბჭოს წევრმა ამ კანონის 82 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული რომელიმე თანამდებობა დაიკავა, მას შეუწყდება საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება, ხოლო თუ მას აღნიშნული ვადის გასვლამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა, მისი საპროკურორო საბჭოს წევრად დარჩენის ან მისთვის საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს საპროკურორო საბჭო. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საპროკურორო საბჭოს წევრებს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდებათ მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებში მითითებული საპროკურორო საბჭოს წევრები თავიანთი პირადი პასუხისმგებლობით მოქმედებენ და ანგარიშვალდებული არ არიან მათი ამრჩევი ორგანოების წინაშე. აკრძალულია მათზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპროკურორო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
5. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
6. საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებაა:   
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება;
ბ) საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა ამ კანონის 92 მუხლით დადგენილი წესით;
გ) საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა;
დ) მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება;
ე) საპროკურორო საბჭოს იმ წევრის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხის გადაწყვეტა, რომელიც საქართველოს პროკურორთა კონფერენციამ ამ კანონით დადგენილი წესით აირჩია;
ვ) ექვს თვეში ერთხელ მაინც, ხოლო საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით – დაუყოვნებლივ, პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის იმ ანგარიშის მოსმენა, რომელიც შეეხება დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას, სტატისტიკურ მაჩვენებლებს, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს;
ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და მთავარი პროკურორისათვის წარდგენა;
თ) მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ი) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.
7. საპროკურორო საბჭო არ ერევა პროკურატურის მუშაკთა საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილებათა განხორციელებაში.
8. საპროკურორო საბჭო იკრიბება ექვს თვეში ერთხელ მაინც, იუსტიციის მინისტრის მოწვევით, ან საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია, თუ საპროკურორო საბჭოს სხდომას ესწრება მისი სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
9. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე დამსწრე საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
10. თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება, რომ მთავარმა პროკურორმა დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა, საპროკურორო საბჭო იღებს მთავარი პროკურორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას. მთავარი პროკურორის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები. ამასთანავე, იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი მთავარი პროკურორის მიმართ გამოიყენება ამ კანონის 92 მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით.
11. თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება, რომ მთავარი პროკურორის მოადგილემ დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა, საპროკურორო საბჭო იღებს მთავარი პროკურორის მოადგილისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას.
12. საპროკურორო საბჭოს მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მთავარი პროკურორი/მთავარი პროკურორის მოადგილე უფლებამოსილია საპროკურორო საბჭოს წინაშე წარდგეს ახსნა-განმარტებით და წარადგინოს თავისი პოზიციის დამადასტურებელი ინფორმაცია.
13. საპროკურორო საბჭო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.
14. საპროკურორო საბჭო მისი უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხზე გამოსცემს განკარგულებას.
15. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს საპროკურორო საბჭოს სხდომას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის 92 მუხლით დადგენილი წესით სხდომაზე მისი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების ან მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საკითხი განიხილება.
16. საპროკურორო საბჭოს აქვს თავისი ვებგვერდი.
17. საპროკურორო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საპროკურორო საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 82. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია
1. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა.
2. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს პროკურორთა კონფერენციის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია.
3. საქართველოს პროკურორთა კონფერენციას იწვევს კონფერენციის თავმჯდომარე საჭიროებისამებრ, ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად. საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარე არის მთავარი პროკურორი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.
4. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ საქართველოს პროკურორთა კონფერენციის სხდომას ესწრება პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ნახევარზე მეტი.
5. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის სხდომაზე დამსწრე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ხმების უმრავლესობით.
6. საქართველოს პროკურორთა კონფერენციის დაწყებამდე კონფერენციის თავმჯდომარესთან რეგისტრირდებიან პროკურორებისაგან და პროკურატურის გამომძიებლებისაგან შემდგარი არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფები. საინიციატივო ჯგუფების თითო წარმომადგენელი საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარესთან ერთად ქმნის საქართველოს პროკურორთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს. საქართველოს პროკურორთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი სხვა საორგანიზაციო ფუნქციების შესრულებასთან ერთად ახორციელებს საქართველოს პროკურორთა კონფერენციის საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებას. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს უფლება აქვს, იყოს მხოლოდ ერთი საინიციატივო ჯგუფის წევრი. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 2 კანდიდატისა.
7. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.
8. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭოს წევრებს ირჩევს შემდეგი კვოტების მიხედვით:
ა) 3 წევრი აირჩევა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთაგან;
ბ) 1 წევრი აირჩევა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთაგან;
გ) 3 წევრი აირჩევა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საოლქო პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან;
დ) 1 წევრი აირჩევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის) საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი კვოტების შესაბამისად საპროკურორო საბჭოს წევრის თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭისყრა ცალკე ტარდება. საქართველოს პროკურორთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი წილისყრით განსაზღვრავს კვოტების მიხედვით დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობებზე საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევის რიგითობას. თუ პირველ ექვს ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის შემდეგ გაირკვა, რომ საპროკურორო საბჭოს წევრებად მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლები იქნენ არჩეული, ან თუ პირველ შვიდ ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის შემდეგ საპროკურორო საბჭოს 6 წევრი ერთი სქესის წარმომადგენელია, ხოლო 1 წევრი – განსხვავებული სქესისა, დარჩენილ ორ ან ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე (რომელი შემთხვევაც იქნება) შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.
10. საპროკურორო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საქართველოს პროკურორთა კონფერენციის სხდომაზე დამსწრე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ხმების უმრავლესობას მიიღებს.
11. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება ამ ვაკანტურ თანამდებობაზე საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, კანდიდატების წარდგენა და კენჭისყრა ხელახლა ხდება.
12. ორი ან მეტი კანდიდატის მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში ამ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ.
13. საქართველოს პროკურორთა კონფერენციის მიერ საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ არის მოწესრიგებული, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის რეგლამენტით განისაზღვრება.

    მუხლი 83. საგანგებო (ad hoc) პროკურორი
1. საგანგებო (ad hoc) პროკურორი ინიშნება ამ კანონის 92 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და ახორციელებს იმავე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
2. საგანგებო (ad hoc) პროკურორი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ კანონით და საქართველოს სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. საგანგებო (ad hoc) პროკურორი ანგარიშვალდებულია მხოლოდ საპროკურორო საბჭოს წინაშე.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია საგანგებო (ad hoc) პროკურორს ამ კანონის 92 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოუყოს სათანადო ფინანსური და მატერიალური რესურსები.
5. საგანგებო (ad hoc) პროკურორად შეირჩევა ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე – სისხლის სამართლის საქმეების განმხილველი ყოფილი მოსამართლე, ყოფილი პროკურორი ან ადვოკატი საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, რომელსაც აქვს შესაბამისად მოსამართლედ, პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. საგანგებო (ad hoc) პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.
6. საგანგებო (ad hoc) პროკურორს უფლებამოსილება უწყდება საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით.

     მუხლი 9. მთავარი პროკურატურა
1. მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობს მთავარი პროკურორი. მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი მთავარ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.
11. მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.
12. მთავარი პროკურორის სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების შედეგად.
2. მთავარ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
3. მთავარი პროკურორი:
ა) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს პროკურატურის საქმიანობას. იგი პასუხისმგებელია პროკურატურის საქმიანობაზე;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურორებს, სხვა ქვემდგომ პროკურორებს, გამომძიებლებს და პროკურატურის სხვა მუშაკებს; 
გ) განსაზღვრავს თავისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, აგრეთვე პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციურ მოვალეობებს;
დ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის სხვა წევრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ დანაშაულის ჩადენისას;
ე) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის შუამდგომლობებს ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე;
ვ) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელსაც სასამართლოში შეაქვს განცხადება ორგანიზაციის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესახებ;
1) იწვევს და თავმჯდომარეობს საქართველოს პროკურორთა კონფერენციას;
ზ) წარმოადგენს პროკურატურას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობებში;
თ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;
ი) აუქმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ გამოცემულ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;
კ) წყვეტს პროკურატურის მუშაკის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხს, გარდა ამ კანონის 81 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ლ) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს;
მ) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის ორგანოთა შექმნისა და გაუქმების, მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის და სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციის დადგენის  თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ნ) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს და პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესს;   
ო) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს;
პ) გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ჟ) კანონით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის მუშაკებს ანიჭებს და ჩამოართმევს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;
რ) შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ და წარუდგენს მათ იუსტიციის მინისტრს;
ს) ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიმუშავებს შესაბამის ზომებს;
ტ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ ანგარიშგებას, ორგანიზებას უწევს საპროკურორო და საგამოძიებო პრაქტიკის განზოგადებასა და სრულყოფას, მოწინავე გამოცდილებისა და მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებების გავრცელებას და პრაქტიკაში დანერგვას;  
1) ექვს თვეში ერთხელ მაინც, ხოლო საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით – დაუყოვნებლივ, საპროკურორო საბჭოს წარუდგენს პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც შეეხება დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას, სტატისტიკურ მაჩვენებლებს, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, მის სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს;
უ) პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ქმნის საკონსულტაციო საბჭოებს;
ფ) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრებსა და განცხადებებს;
ქ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. მთავარი პროკურორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ხოლო მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში − მთავარი პროკურორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.
4 1. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესებასთან დაკავშირებული, ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურები იწყება მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.
5. მთავარი პროკურორის ბრძანება ან სხვა აქტი საქართველოს კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის მოტივით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
6. მთავარ პროკურატურაში არის დეპარტამენტები, სამმართველოები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები და ქვედანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების (ქვედანაყოფების) უფროსების მოადგილეები, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები, პროკურორები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები, მრჩევლები და სპეციალისტები .

    მუხლი 91. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესების წესი
1. მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ, იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად იწყებს კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან. აღნიშნული კონსულტაციები 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს.
2. იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, იუსტიციის მინისტრი ერთი კვირის ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით წარადგენს სხვა კანდიდატურებს.
3. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას არ განაცხადებს, იუსტიციის მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა კანდიდატურას.
4. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.
5. თუ საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, მეორდება ამ მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურა.

    მუხლი 92. მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების წესი
1. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, საპროკურორო საბჭო საპროკურორო საბჭოს ერთი ან მეტი წევრის ინიციატივით განიხილავს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხს. საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილოს აგრეთვე საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიმართვის საფუძველზე.
2. საგანგებო (ad hoc) პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საპროკურორო საბჭოს ნებისმიერ წევრს. საპროკურორო საბჭო პირის საგანგებო (ad hoc) პროკურორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ საპროკურორო საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, იგი უარს ამბობს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნაზე. საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნაზე საპროკურორო საბჭოს უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
3. მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ ინფორმაცია სარწმუნო და დამაჯერებელი უნდა იყოს. საპროკურორო საბჭო საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტამდე თავის სხდომაზე იწვევს და ახსნა-განმარტებას ჩამოართმევს აღნიშნული ინფორმაციის ავტორს, აგრეთვე ნებისმიერ პირს, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს სავარაუდო დანაშაულის შესახებ ცნობები. საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია აღნიშნულ პირებს მოსთხოვოს, წარმოადგინონ მათი პოზიციის დამადასტურებელი ცნობები, ასეთი ცნობების არსებობის შემთხვევაში.
4. საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნამდე, აგრეთვე საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცებამდე საპროკურორო საბჭო ისმენს მთავარი პროკურორის ახსნა-განმარტებას. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია საპროკურორო საბჭოს წარუდგინოს თავისი პოზიციის დამადასტურებელი ინფორმაცია, აგრეთვე ისარგებლოს დაცვისა და საკითხის განხილვაში წარმომადგენლის უფლებით.
5. საგანგებო (ad hoc) პროკურორი ამზადებს და დანიშვნიდან 2 თვის ვადაში საპროკურორო საბჭოს წარუდგენს დასკვნას იმის თაობაზე, არსებობს თუ არა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა. საგანგებო (ad hoc) პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის თანხმობით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით.
6. ამ მუხლის მე-7 პუნქტის დებულების გათვალისწინებით, საგანგებო (ad hoc) პროკურორი თავისი მოვალეობის შესრულებისას სარგებლობს ყველა უფლებამოსილებით და მას ეკისრება ყველა მოვალეობა, რომლებიც გამოძიების ეტაპზე აქვს და აკისრია პროკურორს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან, ამ კანონიდან და საქართველოს სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე.
7. მთავარი პროკურორის მიმართ შეიძლება ჩატარდეს ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლოს განჩინებით ტარდება. ასეთ შემთხვევაში საგანგებო (ad hoc) პროკურორი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს შუამდგომლობას და იღებს განჩინებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
8. საგანგებო (ad hoc) პროკურორი ვალდებულია თავისი დასკვნა და თანდართული მასალების ასლები საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 10 დღისა გადასცეს მთავარ პროკურორს. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია საპროკურორო საბჭოს წარუდგინოს ახსნა-განმარტება და თავისი პოზიციის დამადასტურებელი ინფორმაცია.
9. თუ, საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის თანახმად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, საპროკურორო საბჭო ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ამტკიცებს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნას და საქართველოს პარლამენტს მიმართავს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით. საპროკურორო საბჭოს წარდგინებას თან ერთვის საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნა და სხვა აუცილებელი მასალები. თუ საპროკურორო საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით არ დაამტკიცებს მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შესახებ საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნას, საკითხი საპროკურორო საბჭოს დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება. თუ საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნაში დადასტურებული არ არის დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, საპროკურორო საბჭოს მაინც შეუძლია ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით უარყოს საგანგებო (ad hoc) პროკურორის ასეთი დასკვნა. ამ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საპროკურორო საბჭო საქართველოს პარლამენტს მიმართავს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით.
10. საპროკურორო საბჭოს მიერ საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცებისთანავე, ან თუ საპროკურორო საბჭო მიიჩნევს, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, და სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით უარყოფს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნას, მთავარ პროკურორს უჩერდება უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის მიერ მისი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
11. საქართველოს პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ საპროკურორო საბჭოს წარდგინებას. შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას, საკითხი პარლამენტის დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება.
12. საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნა საჯარო დოკუმენტია და მესამე პირის პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლად ქვეყნდება საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე.
13. მთავარი პროკურორი შეიძლება თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდეს იმ შემთხვევაშიც, თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება, რომ მთავარმა პროკურორმა დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში საპროკურორო საბჭო და საქართველოს პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ ამ მუხლით დადგენილი თანამიმდევრობითა და წესით, იმ გამონაკლისით, რომ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში საგანგებო (ad hoc) პროკურორი არ ინიშნება. დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების პროცესის მიმდინარეობისას საპროკურორო საბჭო თავისი წევრებისაგან, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ირჩევს მომხსენებელს.
14. მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის არსებობის ან დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, თუ მთავარი პროკურორის მიმართ მისი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შემდეგ არ დაიწყო ან შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის ან ქმედების მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების არსებობის გამო, ან თუ სასამართლომ ყოფილი მთავარი პროკურორი დამნაშავედ არ ცნო იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც იგი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდა, ან/და თუ სასამართლომ ბათილად ცნო საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მთავარი პროკურორისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ, ყოფილ მთავარ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს იმ განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელსაც იგი თავისი უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მიიღებდა. მთავარი პროკურორის მიერ საპროკურორო საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის სასამართლოში შეტანა არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას.

    მუხლი 93. მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის სხვა საფუძვლები
1. გარდა ამ კანონის 92 მუხლით დადგენილი წესით მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის არსებობის ან დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შემთხვევისა, მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია აგრეთვე:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან ქრონიკული დაავადება, რომლის გამო მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება;
გ) საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა, თანამდებობრივი შეუთავსებლობის სხვა შემთხვევა;
დ) ამ კანონის 33-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების არსებობა;
ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ვ) გარდაცვალება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავარი პროკურორის უფლებამოსილება ვადამდე შეწყვეტილად ჩაითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან. მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საპროკურორო საბჭოსა და საქართველოს პარლამენტს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავარ პროკურორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელსაც პარლამენტი იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

     მუხლი 10. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები
 
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებს ხელმძღვანელობენ შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები, გამომძიებლები, მრჩევლები და სპეციალისტები.
4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს –  ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურორებისა და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის.

    მუხლი 11. ქ. თბილისის პროკურატურა და საოლქო პროკურატურები
 
1. ქ. თბილისის პროკურატურას და საოლქო პროკურატურას ხელმძღვანელობენ შესაბამისად ქ. თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. საოლქო პროკურატურები იქმნება ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. საოლქო პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიას მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.
3. ქ. თბილისის პროკურორსა და საოლქო პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
4. ქ. თბილისის პროკურატურასა და საოლქო პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები, გამომძიებლები, მრჩევლები და სპეციალისტები.
5. ქ. თბილისის პროკურატურისა და საოლქო პროკურატურების მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
6. ქ. თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურატურის მუშაკებისათვის.

    მუხლი 12. რაიონული პროკურატურები
1. რაიონულ პროკურატურებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი რაიონული პროკურორები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. რაიონული პროკურატურები იქმნება ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. რაიონული პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიას მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.
3. რაიონულ პროკურორებს შეიძლება ჰყავდეთ მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
4. რაიონულ პროკურატურებს ჰყავთ პროკურორები, კანცელარიის უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სპეციალისტები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
5. რაიონული პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურატურის მუშაკებისათვის.

    მუხლი 13. ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარების ფორმები
1. ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარება გულისხმობს:
ა) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორისათვის პროკურატურის ორგანიზაციის და საქმიანობის საკითხებზე მიცემულ მითითებათა შესრულების სავალდებულოობას;
ბ) ქვემდგომი პროკურორის პასუხისმგებლობას ზემდგომი პროკურორის წინაშე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;
გ) ზემდგომი პროკურორის მიერ აუცილებლობის შემთხვევაში ქვემდგომი პროკურორის უფლებამოსილებათა განხორციელებას ან ქვემდგომი პროკურორისათვის თავისი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების დაკისრებას;
დ) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებებისა და აქტების გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანას, მათი სხვა გადაწყვეტილებებით ან აქტებით შეცვლას;
ე) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებებსა და აქტებზე საჩივრების განხილვას;
ვ) ქვემდგომი პროკურორის მიერ ზემდგომი პროკურორისათვის თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშის, ინფორმაციის, საქმეებისა და მასალების წარდგენას.
2. მთავარ პროკურორს უფლება აქვს, დააწესოს ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარების სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ამ კანონს.
3. ქვემდგომი პროკურორი და პროკურატურის სხვა მუშაკი ვალდებული არიან, შეასრულონ ზემდგომი პროკურორის ყველა კანონიერი მოთხოვნა და მითითება.
 
თავი III. პროკურატურის საქმიანობის მიმართულებები
 
    მუხლი 14. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება
1. პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას.
2. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გამოძიების სტადიაზე.

მუხლი 15. გამოძიება
პროკურატურა დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებზე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას და შეუძლია განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა.

    მუხლი 16. ზედამხედველობა კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას
1. პროკურორი ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და ამ საქმიანობის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას.
2. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების, გაგრძელების და შეწყვეტის შესახებ მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანების კანონიერება და დასაბუთებულობა არ არის საპროკურორო ზედამხედველობის საგანი.
3. მონაცემები იმ პირზე, რომელიც უწევს ან უწევდა კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს, თანამშრომლობს ან თანამშრომლობდა მასთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის მოპოვების ტაქტიკა, ორგანიზება, ოპერატიული დამუშავების საქმე და ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო ნაწილი არ არის საპროკურორო ზედამხედველობის საგანი.
4. ოპერატიული დამუშავების საქმის, ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო მასალების გაცნობის უფლება აქვთ: მთავარ პროკურორს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, მთავარი პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს და მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს და მათ მოადგილეებს, საოლქო პროკურორებს და მათ მოადგილეებს, ქ. თბილისის პროკურორს და მის მოადგილეებს და რაიონულ პროკურორებს საკუთარი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, აგრეთვე მთავარი პროკურორის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, საოლქო პროკურორების, ქ. თბილისის პროკურორისა და რაიონული პროკურორების მიერ განსაზღვრულ სხვა პროკურორებს.

     მუხლი 17. პირთა უფლებების დაცვა და საპროცესო მოვალეობათა შესრულება დაკავებულთა მოთავსების ადგილებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში
1. პროკურორს უფლება აქვს:
ა) კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად ჩაატაროს შემოწმებები დაკავებულთა მოთავსების ადგილებსა და პენიტენციურ და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს აღასრულებენ;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შესაბამის დაწესებულებებში შევიდეს ნებისმიერ დროს;
გ) გამოკითხოს დაკავებული, დაპატიმრებული, მსჯავრდებული და პირები, რომლებსაც შეფარდებული აქვთ იძულებითი ღონისძიებები;
დ) გაეცნოს დოკუმენტებს, რომელთა საფუძველზედაც პირები დაკავებული, დაპატიმრებული არიან, იხდიან სასჯელს ან შეფარდებული აქვთ იძულებითი ღონისძიებები;
ე) დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვა იძულებით ღონისძიებებს დაქვემდებარებული პირის გასათავისუფლებლად.
2. პროკურორი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 18. პროკურორი, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი
1. პროკურორი პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოდის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა.
2. პროკურორს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ შეკრებილი მტკიცებულებები არ ადასტურებს ბრალდებას. ბრალდებაზე პროკურორის უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
3. საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე პროკურორს უფლება აქვს: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებები; მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვაში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის, სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების, სასამართლოში საქმის წარმართვის და სხვა საკითხების განხილვაში.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო წარმოების სტადიაზე პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საჯარო ბრალდების ყველა საქმის განხილვაში. მას უფლება აქვს: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებები და მონაწილეობა მიიღოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში; გამოთქვას აზრი სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე; მონაწილეობა მიიღოს მხარეთა კამათში და სასამართლოს გააცნოს თავისი პოზიცია ბრალდების დამტკიცების, ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის შერაცხადობის, სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განთავისუფლების შესახებ.
5. საკასაციო წარმოების სტადიაზე პროკურორი მხარს უჭერს თავის საჩივარს ან გამოთქვამს აზრს, როგორც მხარე, იმ საჩივრებზე, რომლებიც სამართალწარმოების სხვა მონაწილეებმა შეიტანეს.

     მუხლი 19. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია
1. პროკურატურა კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას დანაშაულის დროულად გამოვლენის, გამოძიების, გახსნის, აღკვეთისა და თავიდან აცილების, კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესების, დანაშაულის მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოფხვრის მიზნით.
2. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

    მუხლი 20. პროკურორის სარჩელი უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე
პროკურორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში აღძრავს სარჩელს თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონებისა და რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე.
 
თავი IV. საპროკურორო აქტები
 
    მუხლი 21. საპროკურორო აქტების სისტემა
პროკურორი უფლებამოსილების განხორციელებისას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს შემდეგ აქტებს: მოთხოვნას, წარდგინებას, პროტესტს, დადგენილებას, თანხმობას, მითითებას, საჩივარს, ინფორმაციას.

    მუხლი 22. მოთხოვნა
1. პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს:
ა) სისხლის სამართლის საქმეზე საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზიის ჩატარება;
ბ) კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში წამოჭრილი საკითხების გადასაწყვეტად სპეციალისტების გამოყოფა;
გ) ზედამხედველობის ან საპროცესო ხელმძღვანელობის განსახორციელებლად აუცილებელი დოკუმენტების, მასალების, საქმეების, მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის წარდგენა.
2. გამოთხოვილი ინფორმაცია პროკურორს უნდა წარედგინოს არა უგვიანეს 10 დღისა, ამ ინფორმაციის რეჟიმის მიუხედავად.
3. დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია შეიძლება შემოწმდეს პროკურორის მოთხოვნით მათ სამყოფელ ადგილას, პროკურორის მიერ ან მისი დავალებით – სპეციალისტის, ექსპერტის ან სხვა პირის მიერ.
4. პროკურორის მოთხოვნით დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს მის მიერ მითითებულ ადგილას.
5. პროკურორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს გამოთხოვილ ინფორმაციაში მოცემული სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოების დაცვა.
6. აკრძალულია სასამართლოს კომპეტენციაში ჩარევა და რაიმე მასალების ან საქმის გამოთხოვა სასამართლოდან, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 23. წარდგინება
1. პროკურორს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვს წარდგინება კანონმდებლობის დარღვევის, მისი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოსაფხვრელად ამ კანონის მე-14–მე-17 მუხლებში მითითებულ სამართლებრივ ურთიერთობათა მონაწილეებთან, რომლებიც ვალდებული არიან, 10 დღის ვადაში აცნობონ პროკურორს მიღებული ზომების შესახებ.
2. წარდგინების განხილვის თარიღი უნდა ეცნობოს პროკურორს. მას აქვს განხილვაში მონაწილეობის უფლება.

    მუხლი 24. პროტესტი
1. პროკურორი წერილობით პროტესტს წარადგენს ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებში მითითებულ პირთა აქტებისა და ქმედებების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. პროტესტში პროკურორმა შეიძლება მოითხოვოს:
ა) უკანონო აქტის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმება ან კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ბ) უკანონო ქმედების შეწყვეტა;
გ) დარღვეული უფლების აღდგენა;
დ) კანონის დამრღვევის მიმართ პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიებების გამოყენება.
3. პროკურორს პროტესტი უკანონო აქტის გამო შეაქვს მის გამომცემ ან ზემდგომ ორგანოში. იმავე წესით ხდება თანამდებობის პირის უკანონო ქმედების გაპროტესტება.
4. პროკურორის პროტესტი განხილული უნდა იქნეს მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. განხილვის შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.
5. პროტესტის განხილვის თარიღი უნდა ეცნობოს პროკურორს. მას უფლება აქვს, პირადად ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით მხარი დაუჭიროს პროტესტს.
6. პროტესტი განხილვის დაწყებამდე შეიძლება გამოითხოვოს მისმა შემტანმა ან ზემდგომმა პროკურორმა.
7. ზემდგომ პროკურორს უფლება აქვს, პროტესტის განხილვის დაწყებამდე შეიტანოს მასში ცვლილებები ან შეცვალოს იგი ახალი პროტესტით.

    მუხლი 25. დადგენილება
1. მოქალაქის ან თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის მიხედვით, კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა ფარგლებში და დადგენილი წესით, პროკურორს გამოაქვს დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ წარმოების ან დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე.
2. პროკურორის დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ წარმოების ან დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე განხილული უნდა იქნეს მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ. განხილვის შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.

    მუხლი 26. თანხმობა
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურორი იძლევა წერილობით თანხმობას სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ქმედებებზე.

   მუხლი 27. მითითება
1. პროკურორს უფლება აქვს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წერილობითი მითითება მისცეს გამოძიების ორგანოებს.
2. გამოძიების საკითხებზე პროკურორის მითითების შესრულება სავალდებულოა.

    მუხლი 28. საჩივარი
1. პროკურორს უფლება აქვს , საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით :
ა ) ზემდგომ სასამართლოში გაასაჩივროს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში , როგორც მხარემ ;
ბ ) გაასაჩივროს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში , როგორც მხარემ .
2. საჩივარი შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაითხოვოს მისმა შემტანმა ან ზემდგომმა პროკურორმა .

    მუხლი 29. ინფორმაცია
პროკურორი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს აწვდის ინფორმაციას კანონიერებისა და მართლწესრიგის მდგომარეობის შესახებ.

    მუხლი 30. საპროკურორო აქტების გასაჩივრება
1. პროკურორის წარდგინება, პროტესტი, დადგენილება, მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონით დადგენილი წესით ან ერთჯერადად გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 10 დღის ვადაში.
2. გასაჩივრება არ აჩერებს საპროკურორო აქტების აღსრულებას, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
 
თავი V. პროკურატურის პერსონალი
 
    მუხლი 31. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობებზე დასანიშნ პირებს
1. პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს 6 თვიდან 1 წლამდე სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიისათვის ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები, დადებული აქვს პროკურატურის მუშაკის ფიცი, საქმიანი და მორალური თვისებებით, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის მოვალეობები.
2. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან: მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და  მოადგილეები და პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, თუ მათ არ ჩაუბარებიათ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 წლის ვადაში.
3. პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლისაგან თავისუფლდებიან: მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები და პირი, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) აქვს მოსამართლედ, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
ბ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
გ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.
4. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს სტაჟირების გავლისაგან გათავისუფლებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საკუთარი სურვილით შეიძლება გაიაროს სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში.
5. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტური მეთოდით. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს საგამოცდო ტესტების წინასწარ გამოქვეყნებას. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პერიოდულობას და გამოცდის პროგრამას, საგამოცდო კომისიის დებულებას და საგამოცდო კომისიის შემადგენლობას იუსტიციის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე დანიშნოს პროკურატურის მუშაკთა დამატებითი საკვალიფიკაციო გამოცდა.
6. ქ. თბილისის პროკურორად და მის მოადგილედ, საოლქო პროკურორებად და მათ მოადგილეებად, რაიონულ პროკურორებად და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორებად ინიშნებიან პირები, რომლებსაც აქვთ იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავარ პროკურორს დასაბუთებული გადაწყვეტილებით უფლება აქვს, აღნიშნული ვადა ქ. თბილისის პროკურორისა და მისი მოადგილის, საოლქო პროკურორებისა და მათი მოადგილეების მიმართ შეამციროს 18 თვემდე, რაიონული პროკურორებისა და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორების მიმართ − 12 თვემდე.
7. პროკურატურის მუშაკებმა 3 წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ ატესტაცია. ატესტაციის წესს მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.
8. პროკურატურის მრჩევლებს, პროკურატურის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
9. პროკურატურის მუშაკის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების ნებისმიერ თანამდებობასთან, ასევე სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისა. პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს, იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან/და შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა პროკურატურის სისტემაში.
10. პროკურატურის მუშაკი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას.
11. პროკურატურის მუშაკს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან გაფიცვაში მონაწილეობა.

     მუხლი 311. პროკურატურის ორგანოებში დასაქმების მსურველ პირთა მონაცემების ერთიანი ბაზა
1. პროკურატურის სისტემის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფისა და მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების მიზნით მთავარი პროკურორი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია შექმნას პროკურატურის ორგანოებში დასაქმების მსურველ პირთა მონაცემების ერთიანი ბაზა.
2. პროკურატურის ორგანოებში დასაქმების მსურველ პირთა მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნის წესს მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 32. პროკურატურის მუშაკის ფიცი
1. პროკურატურის მუშაკი პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ გამწესებისას  წერილობით დებს ფიცს: „მე (სახელი, გვარი) ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, კეთილსინდისიერად აღვასრულო საქართველოს პროკურატურის მუშაკის მოვალეობა და მისი აღსრულებისას დავემორჩილო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს.“.
2. პროკურატურის მუშაკის ფიცის დადება შეიძლება ჩატარდეს რელიგიური ფიცის გარეშე. ფიცის ტექსტს ხელს აწერს ფიცის დამდები და იგი ინახება მის პირად საქმეში.

    მუხლი 33. პროკურატურაში სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები
პროკურატურაში სამუშაოდ არ მიიღება:
ა) ნასამართლევი პირი;
ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;
გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) სხვა სამუშაოდან ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული ქმედების ჩადენის გამო დათხოვნილი პირი.

    მუხლი 34. პროკურატურის მუშაკის პროკურატურიდან დათხოვნა
პროკურატურის მუშაკი პროკურატურიდან შეიძლება დაითხოვონ:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება;
გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;
დ) სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას;
ე) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისას ან არაჯეროვნად შესრულებისას;
ვ) სამსახურებრივი შეუსაბამობისას;
ზ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეშად ან სისტემატურად დარღვევისას;
თ) შტატების შემცირებისას;
ი) საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის დროს, თანამდებობრივი შეუთავსებლობის სხვა შემთხვევებში;
კ) ფიცის გატეხვისას, პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნებისას ან პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი სხვა საქციელის ჩადენისას;
ლ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;
მ) ამ კანონის 33-ე მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ნ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
ო) სამსახურში მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას;
პ) საპენსიო ასაკის მიღწევისას.
 
თავი VI. პროკურატურის მუშაკთა სამართლებრივი დაცვა
 
    მუხლი 35. პროკურატურის მუშაკის სამართლებრივი დაცვა
1. პროკურატურის მუშაკი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება გადაყენებულ იქნეს ან გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესისა.
2. პროკურატურის მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა, მისი ღირსების შელახვა, მის მიმართ მუქარა, წინააღმდეგობა, ძალადობა, მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. პროკურატურის მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ განცხადების ან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად.
3. პროკურატურის მუშაკს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს, შეინახოს და ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე ინდივიდუალური თავდაცვის სპეციალური საშუალებები.

    მუხლი 36. პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა
პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ჩარევა თანამდებობის პირების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, მათი წარმომადგენლების ან სხვა პირების მიერ, რომლებიც კანონით არ არიან უფლებამოსილი, ჩაერიონ პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ან ნებისმიერი ფორმით მოახდინონ მასზე ზემოქმედება, აგრეთვე პროკურატურის მუშაკის საქმიანობისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

    მუხლი 37. პროკურატურის მუშაკის უფლება სასამართლო დაცვაზე
პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

    მუხლი 38. პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობა
1. პროკურატურის მუშაკი დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.
2. დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული პროკურატურის მუშაკი თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისაგან იზოლირებულად.
3. პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს მხოლოდ მთავარი პროკურორი. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს მთავარი პროკურატურა.
4. პროკურატურის მუშაკის მიმართ საქმის გამოძიების პერიოდში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურატურის მუშაკს დაკავებული თანამდებობიდან დადგენილი წესით გადააყენებს მთავარი პროკურორი.
5. პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის გატეხვისათვის, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა;
დ) თანამდებობიდან განთავისუფლება;
ე) პროკურატურიდან დათხოვნა.
6. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. ამ ვადაში არ შედის პროკურატურის მუშაკის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო. დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი. პროკურატურის მუშაკის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნა ხდება ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად. პროკურატურის მუშაკის მიერ გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნის საკითხს წყვეტს მთავარი პროკურორი ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელი.
8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს უფლება აქვთ, გამოიყენონ შემდეგი დისციპლინური სახდელები: შენიშვნა ან საყვედური.
9. თუ პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის აუცილებელია იმ დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომლის დადებაც მხოლოდ მთავარი პროკურორის კომპეტენციას განეკუთვნება, პროკურატურის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი მთავარ პროკურორს წარუდგენს წინადადებას შესაბამისი დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე.
10. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი ერთი და იმავე გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.
11. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს, შეამსუბუქოს ან დაამძიმოს პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი.
12. დისციპლინური სახდელის დადება ხდება პროკურორის ბრძანებით, ამ კანონის 81 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო ამავე კანონის 92 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით. პროკურორის ბრძანება/საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება უნდა გაეცნოს პროკურატურის იმ მუშაკს, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის ბრძანება/საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება/საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში ინახება.
13. პროკურატურის მუშაკი დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ სახდელის დადებიდან გასულია ერთი წელი და მას არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი.
14. პროკურატურის მუშაკს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დისციპლინური სახდელი იხსნება შესაბამისი ბრძანებით/გადაწყვეტილებით. ეს ბრძანება/გადაწყვეტილება უნდა გაეცნოს პროკურატურის იმ მუშაკს, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის შესახებ ბრძანება/გადაწყვეტილება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში ინახება.
15. პროკურატურის მუშაკისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში ბრძანების გამოცემიდან 30 დღის ვადაში, ხოლო საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მთავარი პროკურორისათვის/მისი მოადგილისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ – სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში.
16. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოყენებული სახდელის აღსრულების შეჩერებას.

     მუხლი 39. პროკურატურის მუშაკის წახალისება მუშაობაში წარმატებისათვის
სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის და სხვა მიღწევებისათვის, პროკურატურის მუშაკის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
გ) 10 კალენდარული დღის ოდენობით დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა;
დ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ე) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
ვ) „პროკურატურის საპატიო მუშაკის“ წოდების მინიჭება და შესაბამისი სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
 
თავი VII. პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვა
 
    მუხლი 40. პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვა
1. პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით. პროკურატურის მუშაკის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
2. პროკურატურის მუშაკი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ზიანი, რომელიც მიადგა პროკურატურის მუშაკს (მისი ოჯახის წევრს) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით დადგენილი წესით.
3. პროკურატურის მუშაკს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის მიყენებიდან ერთი წლის განმავლობაში.
4. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით პროკურატურის მუშაკზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.
5. პროკურატურის მუშაკს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით თავდასხმის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც აღიარებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.
6. პროკურატურის მუშაკი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ოდენობით.
7. პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი და მრჩეველი სარგებლობენ შესაბამისი დონის სასამართლოს მოსამართლის ყველა შეღავათით, ხოლო მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები – შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეებისათვის გათვალისწინებული შეღავათებით.

    მუხლი 41. პროკურატურის მუშაკის შრომის ანაზღაურება
1. პროკურატურის მუშაკის ხელფასი შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, პრემიისაგან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისაგან.
2. მთავარი პროკურატურის პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი არ შეიძლება იყოს 500 ლარზე ნაკლები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის, საოლქო პროკურატურების, რაიონული პროკურატურების და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი არ შეიძლება იყოს 400 ლარზე ნაკლები.

    მუხლი 42. პროკურატურის მუშაკთა სახელმწიფო სპეციალური წოდებები
1. პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და პროკურატურის მრჩეველს დაკავებული თანამდებობისათვის, სამეცნიერო ხარისხისათვის, კვალიფიკაციისათვის, სამუშაო სტაჟისათვის, დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის ან განსაკუთრებული დამსახურებისათვის ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები.
2. სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის სახელმწიფო სპეციალური წოდებები გათანაბრებულია იმ სპეციალურ წოდებებთან, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია საქართველოს სამხედრო ძალების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის.
 
თავი VIII. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება

    მუხლი 43. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება
1. პროკურატურის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით. პროკურატურის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე ორგანიზაციული კოდით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სახელმწიფო ბიუჯეტში პროკურატურისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ იუსტიციის მინისტრის თანხმობით.
3. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალიზებულად.
4. პროკურატურის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შეძენილი ან შექმნილი უძრავი და მოძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაა.
5. სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით პროკურატურის მიერ ამოღებული თანხები ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლობითი ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
თავი IX. პროკურატურის საქმიანობის და ორგანიზაციის სხვა საკითხები
 
    მუხლი 44. პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება
1. პროკურატურის მუშაკები კვალიფიკაციას იმაღლებენ შესაბამის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში.
2. საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ასევე საერთაშორისო პროგრამებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურატურის მუშაკებს შეუძლიათ კვალიფიკაცია აიმაღლონ სხვა სახელმწიფოების სასწავლო დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში.

    მუხლი 45. ბეჭედი, პირადობის მოწმობა, ფორმის ტანსაცმელი და განმასხვავებელი ნიშნები
1. მთავარ პროკურატურას და პროკურატურის სხვა ორგანოებს აქვთ მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და პროკურატურის დასახელებით.
2. მთავარი პროკურორისათვის დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობას გასცემს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
3. პროკურატურის სხვა მუშაკებს დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობას აძლევს მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე.
4. (ამოღებულია - 30.05.2013, №659).

    მუხლი 46. სტატისტიკური ანგარიშები
პროკურატურა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შეიმუშავებს სტატისტიკური ანგარიშის ერთიანი აღრიცხვის ფორმებს, ადგენს პროკურატურის ორგანოებში სტატისტიკური ანგარიშების შედგენის ერთიან წესს.

    მუხლი 47. პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობები
პროკურატურას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

    მუხლი 48. პროკურატურაში შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა
1. პროკურატურა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით განიხილავს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას.
2. პროკურატურაში შემოსული განცხადება და საჩივარი დანაშაულის შესახებ დაუყოვნებლივ განიხილება.


 
თავი X. კონტროლი პროკურატურის საქმიანობაზე და მის მიერ სახელმწიფო სახსრების გამოყენებასა და ხარჯვაზე

    მუხლი 49. საპარლამენტო კონტროლი
პროკურატურის საქმიანობის საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება მთავარი პროკურორის ინფორმაციის მოსმენითა და შემდგომი განხილვით, პარლამენტის მოთხოვნით ან მთავარი პროკურორის ინიციატივით. ეს ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 50. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური, პერიოდულად ისმენს მთავარი პროკურორის ინფორმაციას. ეს ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 51. სასამართლო კონტროლი
პროკურატურის მიერ იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რომლებიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიშვება სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 52. სახელმწიფო სახსრების გამოყენებისა და ხარჯვის კონტროლი
პროკურატურისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების ა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ი ფ ასეულობ ების გამოყენებასა და ხარჯვაზე კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური .
 
თავი XI . გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 53
1. საქართველოს პროკურატურა რეორგანიზებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს პროკურატურა არის საქართველოს პროკურატურის უფლებამონაცვლე.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყოს საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებული საქმეების დასრულება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
6. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს პროკურატურისათვის.
7. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს პროკურატურის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საქართველოს პროკურატურისათვის.
8. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2009 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს საქართველოს კანონის პროექტის მომზადება საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილის განსაზღვრის მიზნით.
 
თავი XII. დასკვნითი დებულებანი
    მუხლი 54. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა 53-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა და 54-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის 53-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები და 54-ე მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.