11:44 / 23-აპრილი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

​საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიში წარედგინა

თარიღი 06 დეკემბერი 2022 19:12:58

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშში ასახულია პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება, მათ შორის სისხლისსამართლებრივი დევნისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის შედეგები და ძირითადი ტენდენციები, ცალკეულ დანაშაულებზე განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, თანამშრომელთა მოტივაციის გაძლიერება, მათთვის მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება, პროკურატურის საქმიანობის გაციფრულება, საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება საქმიანობის შესახებ და ნდობის ამაღლება, საერთაშორისო ურთიერთობები, პროკურატურის განვითარების სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და სხვა.

2022 წლის 9 თვის ანგარიშში საუბარია ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ე.წ. ,,ქოლ-ცენტრების“, კიბერდანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობაზე და მიღწეულ შედეგებზე; ნაფიცი მსაჯულების მიერ განსახილველ საქმეებზე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლაზე,  არასათანადო მოპყრობის, ქურდული სამყაროს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე და სხვა კონკრეტულ დანაშაულებზე.

აღნიშნულ საკითხებზე ანგარიშით, ასევე, საბჭოს წინაშე გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი წარდგნენ.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პროკურატურისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე - ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახურ დანაშაულებზე, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე.

პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, პრიორიტეტულ მიზნადაა გამოცხადებული პროკურატურის ინსტიტუციური და ორგანიზაციული განვითარების ხარისხის გაუმჯობესება, რომელიც გულისხმობს პროკურორთა დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას, პროკურატურის თანამშრომელთა მოტივაციისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას, თანამშრომელთა შერჩევისა და როტაციის სისტემის გაუმჯობესებას, განგრძობადი პროფესიული განათლების უზრუნველყოფას, გენდერული ორგანიზაციული პოლიტიკის გაუმჯობესებასა და „მწვანე ოფისის“ კონცეფციის დანერგვას.

ანგარიშში ასახულია პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ორმხრივ მიდგომას ეფუძნება და როგორც ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის, ასევე ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების საკითხებს მოიცავს.

პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.

სხვა სიახლეები

ანონსი