01:06 / 26-აპრილი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

თარიღი 17 თებერვალი 2022 20:42:57

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
2021 წლის ანგარიშში ასახულია პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება, შედეგების სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და არსებული ტენდენციები, ასევე ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს სისტემა დგას და სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელება პროკურატურას განვითარებასა და ეფექტიანობის ზრდაში დაეხმარება.
ანგარიშში საუბარია იმ ახალ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველოს პროკურატურა კორონავირუსით (COVID – 19) გამოწვეული პანდემიის გამო აღმოჩნდა, თუმცა აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალწარმოების მაქსიმალურად ხელმისაწვდომ და უწყვეტ რეჟიმში განხორციელების მიზნით, მთელი რიგი მიმართულებებით მუშაობა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, მათ შორის სასმართლო პროცესები. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, უწყებამ მოახერხა ადაპტირება არსებულ რეალობასთან და საქმიანობის ეფექტიანობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ გაზრდაც.
საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოიცავს ინფორმაციას პროკურატურისთვის პრიორიტეტულ ისეთ მიმართულებებთან დაკავშირებით, როგორიცაა: პროკურატურის ახალი 6 წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ცალკეულ დანაშაულებებზე განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ანალიტიკაზე ორიენტირებული ორგანიზაციული მართვის მოდელი და ციფრული ტრანსფორმაცია, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, თანამშრომელთა მოტივაციის გაძლიერება, მათთვის მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება, საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება საქმიანობის შესახებ და ნდობის ამაღლება, საერთაშორისო ურთიერთობები.
პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.

საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში

სხვა სიახლეები

ანონსი