13:38 / 19-აპრილი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

​საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ მერაბ ჯერანაშვილი აირჩიეს

თარიღი 15 იანვარი 2021 15:37:41

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრით, საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი აირჩია. 
დღევანდელ სხდომას საპროკურორო საბჭოს13 წევრი ესწრებოდა. მერაბ ჯერანაშვილმა  ერთხმად (13 ხმა),  საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2 წლის ვადით დაიკავა. 
საპროკურორო საბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს ნანა ხუნჯუას უფლებამოსილება ხვალ, 16 იანვარს ეწურება.
მერაბ ჯერანაშვილმა მადლობა გადაუხადა საპროკურორო საბჭოს წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საპროკურორო საბჭოს საქმიანობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.
 „უღრმეს მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს, ნამდვილად დიდი პატივია, იყო კონსტიტუციური ორგანოს საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე, მით უმეტეს, დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ასე ერთხმად მოხდა ჩემი არჩევა. მიუხედავად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისა, ყველა თქვენგანის ნდობა დავიმსახურე, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. იმედია, გავამართლებ ამ ნდობას და ჩვენი ერთობლივი საქმიანობა იქნება ნაყოფიერი და წარმატებული. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეფექტიანი იქნება ჩვენი თანამშრომლობა, ნამდვილად ეფექტიანი იქნება საპროკურორო საბჭო იმ უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების პროცესში, რაც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული“, - აღნიშნა მერაბ ჯერანაშვილმა. 
მერაბ ჯერანაშვილი პროკურატურაში 2009 წლიდან მუშაობს, სტაჟირების ერთწლიანი პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ ის დაინიშნა მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში საგამოძიებო-საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის თანამდებობაზე, სადაც 2014 წლამდე მუშაობდა. შემდეგ, 2014-2016 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2016 წლიდან დღემდე კი, ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება:
საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებებია: კომპეტენციის ფარგლებში გენერალური პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; საპროკურორო საბჭოს იმ წევრის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, სახდელის ვადამდე მოხსნის საკითხის გადაწყვეტა, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აირჩია საქართველოს პროკურორთა კონფერენციამ; 6 თვეში ერთხელ, ხოლო საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით – დაუყოვნებლივ, პროკურატურის საქმიანობის შესახებ გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ანგარიშის მოსმენა, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადების და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს; წარდგენილ ანგარიშში გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორისათვის წარდგენა; სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების განსაზღვრის, პროკურატურის საქმიანობის ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის ხელის შემწყობი რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორისათვის წარდგენა; საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.
საპროკურორო საბჭო არ ერევა პროკურატურის თანამშრომელთა საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილებათა განხორციელებაში.  საპროკურორო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და დებულებით, რომელსაც საპროკურორო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს საპროკურორო საბჭო.

სხვა სიახლეები

ანონსი