16:45 / 22-დეკემბერი-2024 / თბილისი, საქართველო
დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას. საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი. საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2019 წლის 30 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობამ, თავის წევრთაგან საპროკურორო საბჭოს ერთი წევრი აირჩია.
საპროკურორო საბჭოს საპარლამენტო უმრავლესობის კვოტაზე არჩეული იქნა საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი.
საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი და აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე უწყდება საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება. საპროკურორო საბჭოს წევრები მოქმედებენ პირადი პასუხისმგებლობით და ანგარიშვალდებული არ არიან მათი ამრჩევი ორგანოს წინაშე. აკრძალულია მათზე ზეგავლენის მოხდენა.
საპროკურორო საბჭოს ფუნქციებია: უფლებამოსილების ფარგლებში გენერალური პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრების მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების და სახდელის ვადამდე მოხსნის საკითხის გადაწყვეტა, პროკურატურის საქმიანობის შესახებ გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ანგარიშის მოსმენა, საბჭოსთვის წარდგენილ ანგარიშში გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორისათვის წარდგენა; სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების განსაზღვრის, პროკურატურის საქმიანობის ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის ხელის შემწყობი რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორისათვის წარდგენა.
საპროკურორო საბჭო საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად არსებობს, პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.