04:13 / 26-აპრილი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

​საქართველოს პროკურორთა კონფერენციამ საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრები აირჩია

თარიღი 29 ოქტომბერი 2019 21:20:51


2019 წლის 18 ოქტომბერს  საქართველოს პროკურორთა კონფერენციამ,  რომელსაც 471 პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი ესწრებოდა,  ფარული კენჭისყრით საპროკურორო საბჭოს 6 ახალი პროკურორი წევრი აირჩია. 
საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელთა  N1  კვოტაზე არჩეული იქნა  ამირან გულუაშვილი -საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი; 
საქართველოს გენერალური პროკურატურის  წარმომადგენელთა N3 კვოტაზე   აირჩიეს   გვანცა გვიმრაძე - საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორი;
აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთა N4 კვოტაზე  აირჩიეს   ირაკლი გაჩეჩილაძე- საქართველოს პროკურატურის ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე;
 აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საოლქო პროკურატურების, თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთა  N5 კვოტაზე  აირჩიეს   ვლადიმერ   ნარინდოშვილი -  საქართველოს პროკურატურის  შიდა-ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საოლქო პროკურატურების, თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთა N6 კვოტაზე   აირჩიეს   მერაბ ჯერანაშვილი- საქართველოს პროკურატურის თბილისის პროკურორის  მოადგილე- საგამოძიებო ნაწილის უფროსი;
დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის) საოლქო და რაიონული პროკურატურების  წარმომადგენელთა  N8 კვოტაზე  აირჩიეს   ილია  ჯანაშია - საქართველოს პროკურატურის  სენაკის რაიონული პროკურორი.
საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად,  პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად არსებობს    საპროკურორო  საბჭო.
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  თანახმად,  საპროკურორო საბჭო შედგება  არჩეული 15 წევრისაგან,   საიდანაც    8 არის პროკურორი   წევრი.   საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორ წევრს  ფარული კენჭისყრით ირჩევს  საქართველოს  პროკურორთა  კონფერენცია,  რომელთა მინიმუმ ერთი მეოთხედი მაინც განსხვავებულ სქესს უნდა წარმოადგენდეს. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი,  აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს  უწყდება საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება.  საპროკურორო საბჭოს  6 პროკურორ წევრს 2019 წლის 20 და 21 ოქტომბერს ამოეწურა   უფლებამოსილების  4 წლიანი ვადა. 
საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი,  რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება,  მათ შორის  პროკურორად ან/და პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.  საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი,  თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.
პროკურორთა კონფერენციას, ესწრება ყველა პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის ღია და     კონფერენციის  მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით დაიშვებიან აკრედიტირებული  ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები. 
 



 

სხვა სიახლეები

ანონსი