18:38 / 14-ნოემბერი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საჯარო კონსულტაციებს იწყებს

თარიღი 04 ივნისი 2018 16:06:38

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები დაიწყო. დღეს, 4 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებს და სამართლის დარგის სპეციალისტებს მიმართვა დაეგზავნათ, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა.

კონსულტაციების მიზანია პროკურატურის ხელმძღვანელის არჩევნების მაქსიმალური ღიაობა და გამჭვირვალობა და ამ პროცესის შედეგად საუკეთესო პროფესიონალების გამოკვეთა, რომლებიც არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური საზოგადოების ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობენ. ამგვარად წარმართული პროცესი არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ საპროკურორო საბჭომ, რომელმაც უნდა აირჩიოს ქვეყნის მთავარი პროკურორი, ღირსეული და საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე კანდიდატურებს შორის  გააკეთოს არჩევანი.

კანონის შესაბამისად, მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.

კონსულტაციებში მონაწილეობისთვის წერილი დაეგზავნათ შემდეგი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს: „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი; საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია; „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“; „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“; „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“; „ციხის საერთაშორისო რეფორმა“; „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“ ; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; „საქართველოს ევროპული არჩევანი“; „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“; „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC); „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“, და სხვ.

გარდა ზემოჩამოთვლილი ორგანიზაციებისა, კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში მინისტრისათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენელს ანდა სამართლის დარგის სპეციალისტს.

კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს.

იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს მეორედ ირჩევს. პირველად არჩევნები 2015 წელს გაიმართა. საპროკურორო საბჭოსათვის წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იუსტიციის მინისტრი ერთთვიან კონსულტაციებს აწარმოებდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებსა და აკადემიურ წრეებთან.

დასახელებულ კანდიდატებთან თეა წულუკიანმა გაცნობითი შეხვედრები გამართა და  18 ნოემბერს სამი კანდიდატურა დაასახელა - ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე.  საპროკურორო საბჭომ არჩევნების გზით მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურა დაამტკიცა და დაუყოვნებლივ წარუდგინა მთავრობას. მთავრობის თანხმობის შემდეგ კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს წარედგინა. 2015 წლის 27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა  ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტზე დაამტკიცა. 
 
 

სხვა სიახლეები

ანონსი