12:22 / 22-დეკემბერი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის ანგარიში მოისმინა

თარიღი 06 თებერვალი 2018 16:27:45

იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე − იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდნენ საპროკურორო საბჭოს წევრები; საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს 2017 წლის II ნახევარში უწყების მუშაობის შედეგები  გააცნო.

მთავარმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს წევრებს უწყების სტრატეგიულ  მიმართულებებზე მიაწოდა ინფორმაცია, საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს პროკურორთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვა წარმოადგენს.
ირაკლი შოთაძე შეეხო ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებს, როგორიცაა: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, არასათანადო მოპყრობა, ტრეფიკინგი, ტერორიზმი, არასრულწლოვანთა დანაშაული.

საპროკურორო საბჭოს წევრებმა მთავარი პროკურორისგან მოისმინეს ინფორმაცია ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმეთა განხილვის, პროკურორთა შეფასების სისტემის, გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლების, პროკურატურის ინიციატივით ჩატარებული კვლევების, ეთიკის კოდექსის, საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობასა და სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა საბჭოს წევრებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე ჩატარებული გამოძიების შედეგებზეც მიაწოდა ინფორმაცია და გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლების მიზნით 2017 წლის განმავლობაში შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა.
ანგარიშის დასრულების შემდეგ ირაკლი შოთაძემ საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.

მთავარი პროკურორის ანგარიშს საპროკურორო საბჭო 6 თვეში ერთხელ ისმენს.
 
საპროკურორო საბჭო 2015 წლის შემოდგომაზე პროკურატურის რეფორმის ფარგლებში შეიქმნა. რეფორმის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. პროკურატურის რეფორმის მიზანი უწყების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მოქმედი საპროკურორო საბჭო 14 წევრისაგან შედგება და მას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

 

სხვა სიახლეები

ანონსი