11:06 / 25-აპრილი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

ირაკლი შოთაძე 6 წლის ვადით საქართველოს მთავარი პროკურორი გახდა

თარიღი 27 ნოემბერი 2015 17:47:15

საქართველოს პარლამენტმა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. ფარული კენჭისყრისას შოთაძის კანდიდატურას 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხმა მის წინააღმდეგ 15-მა მისცა.

საპარლამენტო უმრავლესობამ შოთაძეს სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ძირითადად ყურადღება წინა ხელისუფლების პერიოდთან დაკავშირებულ დანაშაულებზე გაამახვილეს და სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებაზე ისაუბრეს.

საპარლამენტო უმცირესობა კი დარწმუნებულია, რომ შოთაძის მთავარ პროკურორად დამტკიცებით პროკურატურის სისტემაში რეალურად არაფერი იცვლება და,  წინა მთავარი პროკურორების ანალოგიურად, შოთაძეც პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი იქნება.

ირაკლი შოთაძეს დღეს პლენარული სხდომის ფორმატში არ უსაუბრია და არც კითხვებისთვის გაუცია პასუხი. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, პოზიციები მხოლოდ დეპუტატებმა გამოხატეს, რის შემდეგაც  კენჭისყრა ჩატარდა.

ახალმა მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილი შეცვალა და  თანამდებობა 6-წლიანი ვადით დაიკავა.

სხვა სიახლეები

ანონსი