17:17 / 25-აპრილი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატი აირჩია

თარიღი 19 ნოემბერი 2015 16:50:59

19 ნოემბერს საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატი არჩევნების გზით დაამტკიცა. საბჭოს წევრებმა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ ვლადიმერ გაბრიჩიძის, ნანა რევაზიშვილისა და ირაკლი შოთაძის კანდიდატურებს  უყარეს კენჭი და არჩევანი ირაკლი შოთაძეზე  შეაჩერეს. მან 14 ხმიდან 13  ხმა მიიღო. მთავრობის მხრიდან ამ კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ის საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

კენჭისყრის დაწყებამდე იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატები საპროკურორო საბჭოზე წარადგინა. საბჭოს წევრები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თითოეულ მათგანს გაესაუბრნენ და მათ ხედვებს გაეცნენ. გასაუბრების პროცესი კენჭისყრამდე 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

გასაუბრებების დასრულების შემდეგ კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. მას დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური და საექსპერტო წრეები, ასევე, მედიის წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს წევრებს  სამ-სამი  ბიულეტენი დაურიგდათ. თითოეულში მითითებული იყო მთავარი პროკურორობის ერთი კანდიდატი. საბჭოს წევრებმა თითოეულს ცალ-ცალკე მისცეს ხმა, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი. არჩევანის გაკეთების შემდეგ საპროკურორო საბჭოს წევრებმა სამივე ბიულეტენი ერთ კონვერტში მოათავსეს და საარჩევნო ყუთში ჩაუშვეს.  

საარჩევნო ყუთის გახსნისა და ხმების დათვლის შემდეგ, პროცედურის ამ ეტაპზე, გამარჯვებულ კანდიდატად ირაკლი შოთაძე დასახელდა. მან 13 დადებითი და 1 უარყოფითი ხმა მიიღო; მეორე კანდიდატმა ვლადიმერ გაბრიჩიძემ 12 უარყოფითი ხმა მიიღო და არცერთი დადებითი; მესამე კანდიდატ ნანა რევაზიშვილს მხოლოდ 1-მა წევრმა მისცა დადებითი ხმა, ხოლო 12-მა წევრმა − უარყოფითი.

მთავარი პროკურორობის კანდიდატთა არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა. საპროკურორო საბჭოსათვის წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იუსტიციის მინისტრი ერთთვიან კონსულტაციებს აწარმოებდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებსა და აკადემიურ წრეებთან. დასახელებულ კანდიდატებთან თეა წულუკიანმა გაცნობითი შეხვედრები გამართა და  18 ნოემბერს სამი კანდიდატურა დაასახელა, რომელთაგან თითოეულის რეკომენდატორები არასამთავრობო ორგანიზაციები ან/და აკადემიური წრეები იყვნენ. ირაკლი შოთაძის რეკომენდატორები იყვნენ  „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“; ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი“. იუსტიციის მინისტრის მიერ თითოეული კანდიდატის წარდგინება კანონის შესაბამისად დასაბუთდა.

მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, საპროკურორო საბჭოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩართულობა პროკურატურის რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ღია და გამჭვირვალე იყოს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის პირის შერჩევა, როგორიც მთავარი პროკურორია, და მისი დანიშვნა-გათავისუფლება ერთ პირზე ან ორგანოზე არ იყოს დამოკიდებული. შერჩევის ასეთი პროცედურა უზრუნველყოფს კანდიდატთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებას და მთავარი პროკურორის მიმართ საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის არსებობას.
 
 
 
 

სხვა სიახლეები

ანონსი