11:03 / 22-დეკემბერი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატები დაასახელა

თარიღი 18 ნოემბერი 2015 18:43:45

იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატები დაასახელა. თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე წარუდგინა. კანონის შესაბამისად, დაცულია გენდერული ბალანსი −  კანდიდატებს შორის ერთი ქალია.  
 
მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევამდე იუსტიციის მინისტრი ერთი თვის განმავლობაში მართავდა საჯარო კონსულტაციებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა, აკადემიურმა წრეებმა პროკურორობის კანდიდატებად  ვლადიმერ გაბრიჩიძე, ლაშა გოლუბიანი, ლენა კაპანაძე, ნანა რევაზიშვილი, პაატა შავაძე, ირაკლი შოთაძე და კოტე ჭილაია დაასახელეს. ერთმა კანდიდატმა კახა კახიშვილმა თავად მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.
 
დასახელებულ კანდიდატებთან თეა წულუკიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.
 
იუსტიციის მინისტრმა შერჩეული კანდიდატები დღეს  საპროკურორო საბჭოს წარუდგინა. შესაბამისი წარდგინებები საპროკურორო საბჭოს საიტზე განთავსდა.

ხვალ, 19 ნოემბერს, საპროკურორო საბჭოს ფორმატში სამივე კანდიდატს გაესაუბრებიან, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის წესით არჩევნები გაიმართება. საპროკურორო საბჭო თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე უყრის კენჭს. მთავარი პროკურორობის კანდიდატი გახდება ის, ვინც ხმათა 2/3-ს დააგროვებს. ამგვარად დამტკიცებულ კანდიდატს, საპროკურორო საბჭოს სახელით, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატი საბოლოო არჩევნებისთვის პარლამენტს წარედგინება.
 
ხვალ არჩევნებზე დაკვირვება შეეძლებათ  არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და საექსპერტო წრეების, მედიის წარმომადგენლებს.
 
მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, საპროკურორო საბჭოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩართულობა პროკურატურის რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ღია და გამჭვირვალე იყოს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის პირის შერჩევა, როგორიც მთავარი პროკურორია, და მისი დანიშვნა-გათავისუფლება ერთ პირზე ან ორგანოზე არ იყოს დამოკიდებული. შერჩევის ასეთი პროცედურა უზრუნველყოფს კანდიდატთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებას და მთავარი პროკურორის მიმართ საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის არსებობას.

 

სხვა სიახლეები

ანონსი