05:54 / 27-აპრილი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს აირჩევს

თარიღი 17 ნოემბერი 2015 09:01:55

19 ნოემბერს საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს შეარჩევს. არჩევნებზე დაკვირვების მსურველთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 19 ნოემბრის 10.00 საათამდე გასტანს.

19 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთს საბჭოს წევრები ფარული კენჭისყრით ხმათა 2/3-ით დაამტკიცებენ. მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევის პროცედურა ღია და გამჭვირვალეა და მასზე დასწრება შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს.

მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევნებზე დაკვირვების მსურველები 19 ნოემბრის 10.00 საათამდე უნდა დარეგისტრირდნენ. ამისათვის დაინტერესებულმა პირებმა (ორგანიზაციებმა) უნდა გამოგზავნონ ელექტრონული წერილი მისამართზე info@justice.gov.ge და განაცხადონ, რომ სურთ, დააკვირდნენ მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევნებს; მიუთითონ დამკვირვებლის სახელი და გვარი, აგრეთვე, ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენენ. არჩევნები 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროში გაიმართება.

მთავარი პროკურორობის კანდიდატთა არჩევნები საქართველოში პირველად ტარდება. კანონმდებლობის თანახმად, საპროკურორო საბჭო იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთს ხმათა 2/3-ით ფარული კენჭისყრით ირჩევს. სამივე კანდიდატურას კენჭი ცალ-ცალკე ეყრება. საპროკურორო საბჭოს წევრებს დაურიგდებათ სამი ბიულეტენი. თითოეულში მითითებული იქნება მთავარი პროკურორობის ერთი კანდიდატი. საბჭოს წევრები  თითოეულს ცალ-ცალკე მისცემენ ხმას. არჩევანის გაკეთების შემდეგ საპროკურორო საბჭოს წევრები სამივე ბიულეტენს ერთ კონვერტში მოათავსებენ და საარჩევნო ყუთში ჩაუშვებენ.

ხმის მიცემის მსგავსად, ღიაა ხმების დათვლის პროცესიც. საარჩევნო ყუთი კენჭისყრის დასრულებისთანავე გაიხსნება. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ისა.

ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუკი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო საჭირო ხმების მოგროვება, საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს კენჭი მეორე ტურში ეყრება.

საბჭოს მიერ დამტკიცებული მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს, შემდეგ კი კანდიდატი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.  

იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესახებ ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დაასრულა. თეა წულუკიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები  პოსტზე წარდგენილ ყველა კანდიდატთან გამართა. ინფორმაცია იუსტიციის მინისტრისა და  მთავარი პროკურორობის კანდიდატების შეხვედრების შესახებ თითოეული შეხვედრის დასრულებისთანავე განთავსდა საპროკურორო საბჭოს საიტზე – pc.gov.ge.    

18 ნოემბერს იუსტიციის მინისტრი იმ სამი კანდიდატის ვინაობას გაასაჯაროებს, რომლებსაც საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. გამოქვეყნდება მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება, რომლებიც, კანონის შესაბამისად, უნდა დასაბუთდეს.
 
 
 

სხვა სიახლეები

ანონსი