06:31 / 22-დეკემბერი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესახებ ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა

თარიღი 16 ნოემბერი 2015 17:01:27

იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესახებ ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დაასრულა. თეა წულუკიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები  პოსტზე წარდგენილ ყველა კანდიდატთან გამართა.

12 ნოემბერს იუსტიციის მინისტრი  შეხვდა ქუთაისის უნივერსიტეტის კანდიდატ ვლადიმერ გაბრიჩიძეს; ოფიცერთა კავშირისა და მთიანეთის ნებაყოფლობითი საქველმოქმედო ასოციაციის მიერ დასახელებულ კანდიდატ ლენა კაპანაძეს; კოტე ჭილაიას, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა თავად წამოაყენა.

13 ნოემბერს თეა წულუკიანი შეხვდა პაატა შავაძეს, რომელიც საადვოკატო კომპანია „საქართველოს ადვოკატთა გაერთიანებამ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს; ლაშა გოლუბიანს, რომელსაც რეკომენდაცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და ახალგაზრდულმა მოძრაობამ გაუწიეს; ნანა რევაზიშვილს, რომლის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე მედიაკავშირმა „ობიექტივმა“, ა(ა)იპ „ქალთა თანადგომამ“ და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წამოაყენეს.

ინფორმაცია იუსტიციის მინისტრისა და  მთავარი პროკურორობის კანდიდატების შეხვედრების შესახებ თითოეული შეხვედრის დასრულებისთანავე განთავსდა საპროკურორო საბჭოს საიტზე – pc.gov.ge.  

იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე სამ კანდიდატურას შეარჩევს, რომელთაც 19 ნოემბერს საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებულ კანდიდატთა შორის ერთი ქალი უნდა იყოს.  საპროკურორო საბჭო წარდგენილი კანდიდატურებიდან ერთ-ერთს ფარული კენჭისყრით ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას, შემდგომ კი − საქართველოს პარლამენტს.
 
 
 

სხვა სიახლეები

ანონსი