05:59 / 22-დეკემბერი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

ანგარიში მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის მიმდინარეობის შესახებ

თარიღი 16 ნოემბერი 2015 16:48:30

საქართველოს 2013 წლის 18 სექტემბრის N4300-Iს კანონით, რომელიც ამოქმედდა ამავე წლის 29 სექტემბრიდან, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც შეიქმნა საპროკურორო საბჭო, საქართველოს პროკურორთა კონფერენცია და განისაზღვრა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესების ახალი წესი.

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა. კანონის შესაბამისად, 2015 წლის 19 და 20 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პროკურორთა პირველი კონფერენცია, რომელზეც არჩეულ იქნა საპროკურორო საბჭოს 8 წევრი.

საპროკურო საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან მუშაობს და მას საბჭოს თავმჯდომარე − იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. საპროკურორო საბჭოს მიზანი საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის, აგრეთვე, მისი ეფექტიანი მუშაობის  უზრუნველყოფაა. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო შედგება 15 წევრისაგან, რომლებიც არჩეულ იქნენ საქართველოს პროკურორთა კონფერენციის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 24 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცდა „საპროკურორო საბჭოს დებულება“, რომლითაც განისაზღვრა საპროკურორო საბჭოს მუშაობის პროცედურა.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოსათვის წარსადგენად აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციები დაიწყო 2015 წლის 13 ოქტომბერს, რის შესახებაც ინფორმაცია გამოქვეყნდა როგორც სამინისტროს ვებგვერდზე (http://www.justice.gov.ge/News/Detail?newsId=4998), ასევე დაიგზავნა ოფიციალური კორესპონდენცია. იუსტიციის მინისტრმა მოუწოდა აკადემიურ წრეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, სისხლის სამართლის დარგის სპეციალისტებს, აქტიური მონაწილეობა მიეღოთ კონსულტაციებში და მიემართათ იუსტიციის სამინისტროსათვის.

კონსულტაციები მიმდინარეობდა 1 თვის განმავლობაში და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ თუ საკუთარი ინიციატივით წარდგენილი იქნა პროკურორობის 8 კანდიდატი: ვლადიმერ გაბრიჩიძე, ლაშა გოლუბიანი, ლენა კაპანაძე, კახი კახიშვილი, ნანა რევაზიშვილი, პაატა შავაძე, ირაკლი შოთაძე, კოტე ჭილაია. ერთმა მათგანმა - ბატონმა კახი კახიშვილმა მოხსნა თავისი კანდიდატურა.

2015 წლის 12-13 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გაცნობითი შეხვედრები გამართა. კანონის მიხედვით, კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

საპროკურორო საბჭო წარდგენილი კანდიდატურებიდან ერთ-ერთს ფარული კენჭისყრით ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარუდგენს მთავრობას, შემდგომ კი − პარლამენტს. მთავარი პროკურორის არჩევა 6 წლის ვადით განისაზღვრება და მისი ვადამდე გათავისუფლება სერიოზული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ხდება.

ქვემოთ მოცემულია დეტალური ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის პროკურორობის კანდიდატების წარმომდგენი პირების/ორგანიზაციების შესახებ.
 

სხვა სიახლეები

ანონსი