07:26 / 19-აპრილი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ ნანა რევაზიშვილს შეხვდა

თარიღი 13 ნოემბერი 2015 20:10:46

თეა წულუკიანი პროკურორობის კანდიდატ ნანა რევაზიშვილს შეხვდა. იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორობის კანდიდატის მოსაზრებებს გაეცნო, თუ როგორ ხედავს ის პროკურატურის ხელმძღვანელის საქმიანობას და უწყების წინაშე მდგარ გამოწვევებს.
ნანა რევაზიშვილი მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი ორი ქალი კანდიდატიდან ერთ-ერთია. მოქმედი კანონმდებლობით, საბოლოოდ შერჩეულ სამ კანდიდატს შორის ერთ-ერთი მაინც განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს.

ნანა რევაზიშვილს მთავარი პროკურორის პოსტზე რეკომენდაცია მედიაკავშირმა „ობიექტივმა“, ა(ა)იპ „ქალთა თანადგომამ“ და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა გაუწიეს. ის ადვოკატია, აქვს პროკურორად მუშაობის გამოცდილება, ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში.

იუსტიციის მინისტრი პირადად ხვდება მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ ყველა კანდიდატს, გასაუბრების შედეგად შერჩეულ სამ პრეტენდენტს კი საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. კოლეგიალური ორგანო მთავარ პროკურორს ხმათა 2/3-ით ფარული კენჭისყრით დაამტკიცებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს, შემდგომ კი − საქართველოს პარლამენტს. 
 

სხვა სიახლეები

ანონსი