03:20 / 27-აპრილი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ ვლადიმერ გაბრიჩიძეს შეხვდა

თარიღი 12 ნოემბერი 2015 20:19:02

თეა წულუკიანი პროკურორობის კანდიდატ ვლადიმერ გაბრიჩიძეს შეხვდა. იუსტიციის მინისტრი დაინტერესდა, როგორ ხედავს მთავარი პროკურორობის კანდიდატი მთავარი პროკურორის ფუნქციებსა და მოვალეობებს, რა გამოწვევების წინაშე დგას, მისი აზრით, საქართველოს პროკურატურა და რის გაკეთებას გეგმავს ის უწყების უფრო ეფექტური და გამართული მუშაობისათვის.
ვლადიმერ გაბრიჩიძე მთავარი პროკურორის პოსტზე ქუთაისის უნივერსიტეტმა წარადგინა. ის იურისტია, ეწევა საადვოკატო საქმიანობას თავისივე დაარსებულ იურიდიულ ფირმა „გაბრიჩიძე და კომპანიაში“. მუშაობდა „კორძაძის საადვოკატო ბიუროში“, მანამდე კი იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი.

იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ ყველა კანდიდატს პირადად შეხვდება და მათ ხედვას გაეცნობა. ამ პროცედურების დასრულების შემდეგ თეა წულუკიანი  სამ საუკეთესო კანდიდატურას საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. საპროკურორო საბჭო წარდგენილი კანდიდატურებიდან ერთ-ერთს ფარული კენჭისყრით ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას, შემდგომ კი − საქართველოს პარლამენტს. 
 
 

სხვა სიახლეები

ანონსი