08:59 / 27-აპრილი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

თარიღი 02 ნოემბერი 2015 14:16:07

იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. საბჭომ მომდევნო სხდომის სამოქმედო გეგმა დასახა, რომელიც 19 ნოემბერს შედგება. ამ დღეს იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოს  მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატს წარუდგენს.
 
„კონსულტაციები იუსტიციის მინისტრსა და აკადემიურ წრეებს, არასამთავრობო  ორგანიზაციებს შორის გაგრძელდება  13 ნოემბრამდე; 19 ნოემბერს, 11 საათზე კი, საბჭო ისევ შეიკრიბება და სამი პირისგან შემდგარ სიას განიხილავს, უყრის კენჭს და რომელი კანდიდატიც მიიღებს უფრო მეტ ხმას, ის იქნება  წარდგენილი მთავრობის წინაშე. შევთანხმდით იმ თავისებურებებზე, თუ როგორ  უნდა ჩატარდეს კენჭისყრა 19 ნოემბრის სხდომაზე. ვთქვით, რომ უნდა გვქონდეს  ბიულეტენების ყუთი; დამკვირვებლებსაც მოვიწვევთ, ვისაც ამის სურვილი  ექნება, მათ შორის, მედიას და 19  ნოემბრის შემდეგ მე უკვე შევძლებ,  გამარჯვებული კანდიდატი წარვუდგინო მთავრობას, რომელიც, თავის მხრივ, ამ კანდიდატს ასარჩევად გადაუგზავნის პარლამენტს. როგორც იცით, სამკაციან სიაში ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის. ჯერჯერობით ქალი კანდიდატურა შემოსული არ არის და თუ ეს ასე იქნა ბოლომდე, მაშინ მე მომიწევს თავად შევარჩიო ქალი  კანდიდატი და შევიყვანო  სიაში“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
 
როგორც ცნობილია, ამ დრომდე იუსტიციის მინისტრთან მთავარი პროკურორის პოსტზე 3 კანდიდატურა იყო წარდგენილი: კახი კახიშვილის, ირაკლი შოთაძის და პაატა შავაძის. ამასთან, კახი კახიშვილმა თავად მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.
 
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საპროკურორო საბჭოს ფუნქცია არ არის, რომელიმე საქმეზე ჩაატაროს გამოძიება ან პროკურატურის ორგანოებს მიუთითოს, როგორ გამოიძიოს ესა თუ ის საქმე. საბჭოს აქვს უფლება, შეარჩიოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი.
 
იუსტიციის მინისტრის თქმით, მიმდინარე პროცესი პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზაციისკენ გადადგმული პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
 
საპროკურორო საბჭო კოლეგიური ორგანოა, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან იმუშავებს. მას საბჭოს თავმჯდომარე − იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. საპროკურორო საბჭოს მიზანი საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის, აგრეთვე, მისი ეფექტიანი მუშაობის  უზრუნველყოფაა.
 
საპროკურორო საბჭოს ფუნქციებია: დაამტკიცოს საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა, დანიშნოს საგანგებო პროკურორი, წარუდგინოს პარლამენტს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება, განახორციელოს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება. საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში  საპროკურორო საბჭო არ ჩაერევა.
 

სხვა სიახლეები

ანონსი