10:17 / 22-დეკემბერი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო სექტორიდან და აკადემიური წრეებიდან საპროკურორო საბჭოს ორი წევრი აირჩია

თარიღი 28 ოქტომბერი 2015 15:48:20

საქართველოს პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატურები განიხილა, რომლებიც სამოქალაქო სექტორმა და აკადემიურმა წრეებმა წარადგინეს.   პოლიკარპე მონიავას კანდიდატურას, რომელიც პარლამენტს სასწავლო უნივერსიტეტმა ევროპულმა აკადემიამ წარუდგინა,  81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 82 ხმით დაამტკიცეს ირმა ჭკადუა, რომელიც „ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ იყო წარდგენილი.

საპროკურორო საბჭო კოლეგიური ორგანოა, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან იმუშავებს. მას საბჭოს თავმჯდომარე − იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. საპროკურორო საბჭოს მიზანი საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის, აგრეთვე, მისი ეფექტიანი მუშაობის  უზრუნველყოფაა. 

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი ორი მოსამართლე წევრის გარდა უკვე დასახელებულნი არიან პროკურორი წევრები − 8 პროკურორი პროკურორთა კონფერენციამ წარმომადგენლობითი პრინციპისა და გენდერული ბალანსის დაცვით აირჩია და ერთი წევრი  საპარლამენტო უმრავლესობიდან − ეკა ბესელია.

საპროკურორო საბჭოს მთლიანად დასაკომპლექტებლად კიდევ 1 წევრია საჭირო:  ერთი დეპუტატი პარლამენტის იმ წევრებიდან, რომლებიც უმრავლესობაში არ შედიან.

საპროკურორო საბჭოს ფუნქციებია: დაამტკიცოს საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა, დანიშნოს საგანგებო პროკურორი, წარუდგინოს პარლამენტს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება, განახორციელოს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება. საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში  საპროკურორო საბჭო არ ჩაერევა.

სხვა სიახლეები

ანონსი