07:27 / 26-აპრილი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

პროკურორთა კონფერენციამ საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები აირჩია

თარიღი 27 ოქტომბერი 2015 12:01:49

19-20 ოქტომბერს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ საქართველოს პროკურორთა კონფერენცია გაიმართა, რომელზეც საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები აირჩიეს. პროკურორთა კონფერენცია საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა მოიწვია. მას ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილეები, პროკურორები და გამომძიებლები.
 
საქართველოს პროკურორთა პირველმა კონფერენციამ ორი დღის მუშაობის ფონზე საპროკურორო საბჭოს წევრები აირჩია. კანდიდატები კონფერენციას პროკურორებისა და გამომძიებლებისაგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფებმა წარუდგინეს, მათი შერჩევისას დაცული იყო რეგიონული და იერარქიული დონეების წარმომადგენლობითობის პრინციპი და გენდერული ბალანსი. საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორი წევრიდან ორი (არანაკლებ 1/4-ისა) ქალია.
 
პროკურორთა კონფერენციის მიზანი პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებაა. ის საშუალებას აძლევს პროკურორებს, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი საკითხები; აგრეთვე, წარადგინონ საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საპროკურორო საბჭოს მუშაობაში.
 
საპროკურორო საბჭოს ფუნქციებია: დაამტკიცოს საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა, დანიშნოს საგანგებო პროკურორი, წარუდგინოს პარლამენტს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება, განახორციელოს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება. საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში  საპროკურორო საბჭო არ ჩაერევა.
 
საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში, უკვე არჩეული პროკურორი წევრების გარდა, შევლენ ერთი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან; ერთი დეპუტატი პარლამენტის იმ წევრებიდან, რომლებიც უმრავლესობაში არ შედიან; ორი მოსამართლე, რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს; ორი წარმომადგენელი აკადემიური წრეებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან, რომელთაც აირჩევს პარლამენტი იმავე კრიტერიუმებისა და წესების დაცვით, რომლითაც აირჩევიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრები. საბჭოს უხელმძღვანელებს იუსტიციის მინისტრი.
 

სხვა სიახლეები

ანონსი