04:25 / 19-აპრილი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სიახლეები

საპროკურორო საბჭოს დებულება დამტკიცდა

თარიღი 26 ოქტომბერი 2015 13:45:05

საპროკურორო საბჭოს დებულება მიღებულია. კოლეგიური ორგანო იუსტიციის სამინისტროსთან იმუშავებს და მას საბჭოს თავმჯდომარე − იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. საპროკურორო საბჭოს მიზანი საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის, აგრეთვე, მისი ეფექტიანი მუშაობის  უზრუნველყოფაა. 
 
საპროკურორო საბჭოს სხდომა ექვს თვეში ერთხელ გაიმართება საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით ან  საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. წევრების გარდა, სხდომას სათათბირო ხმის უფლებით ესწრება მთავარი პროკურორი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განიხილება მისი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების ან მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საკითხი. საჭიროების შემთხვევაში, სხდომაზე შეიძლება მიიწვიონ საბჭოს არაწევრი პირებიც.
 
საპროკურორო საბჭო  გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობითა და ხმათა 2/3-ით იღებს. ხმის უმრავლესობაა საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; საგანგებო პროკურორის შუამდგომლობით მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის თაობაზე საგანგებო პროკურორისათვის დასკვნის მომზადების ვადის არაუმეტეს 2 თვით გაგრძელება.
 
საპროკურორო საბჭოს წევრთა 2/3-ის თანხმობა სჭირდება მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცებას; მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის თაობაზე საგანგებო პროკურორის დასკვნის დამტკიცებასა და უარყოფას; მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე მომხსენებლის არჩევას; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებას; საქართველოს პროკურორთა კონფერენციის მიერ არჩეული საპროკურორო საბჭოს წევრების მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხის გადაწყვეტას.
 
საპროკურორო საბჭოს სხდომა დახურულია, თუმცა, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ხდება სხდომის აუდიოჩაწერა, საჭიროების შემთხვევაში კი, საბჭომ შეიძლება სხდომის ვიდეოჩაწერის გადაწყვეტილებაც მიიღოს. ჩანაწერები დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომია. სხდომაზე განსახილველი საკითხის სპეციფიკისა და მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება და სხდომა გახსნილად გამოაცხადოს.
 
საპროკურორო საბჭოს მიერ მიღებული განკარგულებები და რეკომენდაციები, აგრეთვე, საბჭოს სხდომის ოქმები, საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.
 
საპროკურორო საბჭოს სამდივნოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) წარმოადგენს.

სხვა სიახლეები

ანონსი