საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით უყარა კენჭი საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტს, რომელიც პროკურატურის რეფორმას ითვალისწინებს.
რეფორმით შემოთავაზებული მოდელის თანახმად, პროკურატურის საერთო ხელმძღვანელობას იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოს მეშვეობით განახორციელებს, მთავარი პროკურორის დანიშვნის უფლებამოსილება კი გადანაწილდება საპროკურორო საბჭოზე, მთავრობასა და პარლამენტზე.
როგორც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, ახალი კანონით, აქამდე არსებული დახურული სისტემა გახდება ღია.
„ამ ახალი კანონით დღემდე დახურული სისტემა ხდება ღია პარლამენტისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რიგითი პროკურორებისთვის, რომლებიც პირველად ქვეყნის ისტორიაში იქნებიან აქტიური მონაწილენი მათი ხელმძღვანელის არჩევის პროცესში. არის ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელთაც პრინციპულად მიესალმნენ ვენეციის კომისია და სხვა ავტორიტეტული ინსტიტუტები. მათი რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა იქნა გაზიარებული და, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში. მივესალმებით იმას, რომ პარლამენტმა ამ პაკეტს მხარი დაუჭირა“, − განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
მინისტრის მოადგილემ საგანგებო პროკურორის ინსტიტუტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „იქმნება საგანგებო პროკურორის ინსტიტუტი, რომელსაც შეეძლება, გადადგას რეალური და ქმედითი ნაბიჯები. მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის დაყენების თეორიული შესაძლებლობა ყოველთვის იყო, მაგრამ პრაქტიკაში ეს არ ხდებოდა, რადგან წარმოუდგენელი იყო, რიგით პროკურორს დაეწყო დევნა“, − აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.
საპროკურორო საბჭო შედგება 15 წევრისგან, რომელთაგან 8 წევრს აირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვით. 8 წევრიდან 1/4 მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. დანარჩენი წევრები არიან: ერთი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან; ერთი დეპუტატი პარლამენტის იმ წევრებიდან, რომლებიც უმრავლესობაში არ შედიან; ორი მოსამართლე, რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს; ორი წარმომადგენელი აკადემიური წრეებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან, რომელთაც აირჩევს პარლამენტი იმავე კრიტერიუმებისა და წესების დაცვით, რომლითაც აირჩევიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრები. საბჭოს უხელმძღვანელებს იუსტიციის მინისტრი.
საბჭოს ექნება უფლება, დაამტკიცოს საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა, დანიშნოს საგანგებო პროკურორი, წარუდგინოს პარლამენტს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება, განახორციელოს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება. საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში საპროკურორო საბჭო არ ჩაერევა.
იუსტიციის მინისტრი აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორის არანაკლებ სამ კანდიდატურას, საიდანაც ერთ-ერთს საბჭო ფარული კენჭისყრით ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარუდგენს მთავრობას, შემდეგ კი − პარლამენტს. მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადა 6 წელია. ერთი და იგივე კანდიდატის ზედიზედ ორჯერ არჩევა მთავარ პროკურორად იკრძალება.
მთავარი პროკურორის ვადამდე გათავისუფლება მოხდება მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის ან სერიოზული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. თუ იარსებებს საკმარისი საფუძველი დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, დაინიშნება საგანგებო პროკურორი, რომელიც ორი თვის ვადაში მოამზადებს და საბჭოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. თუკი დასკვნა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებულ ვარაუდს არ დაადასტურებს, საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება. თუკი საბჭო წევრთა 2/3-ის უმრავლესობით ფარული კენჭისყრით დაადასტურებს მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის სავარაუდო ჩადენას, ის მიმართავს პარლამენტს, რომელიც წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით გადაწყვეტს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
„პროკურატურის შესახებ“ კანონი შვიდი დღის ვადაში ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება, ხელმოწერისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ კი, ის ოფიციალურად ამოქმედდება. პროკურორთა პირველი კონფერენციის ჩასატარებლად და საპროკურორო საბჭოს შესაქმნელად კანონი ერთთვიან ვადას აწესებს.